პრეზიდენტი თურქეთში

სააკაშვილი: თურქეთში მცხოვრები 3000 ქართველი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადაფაზარის რაიონის ქალაქ საქარიასა და გოლჯუკის სოფელ ნუსეითში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებთან შეხვედრისას თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 თანამემამულე მიიღებს.

"რამდენიმე კვირის წინ, ათასამდე ჩვენს თანამემამულეს გადავეცით საქართველოს მოქალაქეობა. ამ დღეებში, კიდევ 3000 ჩვენს სისხლს და ხორცს, ჩვენს თანამემამულეს გადაეცემა საქართველოს მოქალაქეობა. უახლოეს კვირებში კი დამატებით ათასობით ჩვენი თანამამულე, რომელიც საუბრობს ქართულად, თავს გრძნობს ქართველად, უყვარს საქართველო, უნდა, რომ საქართველოს რამეში დაეხმაროს, ყველა მიიღებს ჩვენგან მოქალაქეობას. მოდით და გაეჯიბრეთ ამ "თურქებს" ქართველობაში და პატრიოტიზმში. ათასობით თურქეთის მოქალაქე, ჩვენი სისხლი და ხორცი ამ დღეებში ქართული სახელმწიფოსგან იღებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს. ეს არის ჩემი პრეზიდენტობის ბოლო კვირები, თუმცა, რა თქმა უნდა, ცხოვრება გრძელდება, მაგრამ მოქალაქეობის მიცემა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. შემდეგი ხუთი წელი, იმედია, იქნება პრეზიდენტი, რომელიც ამას გააგრძელებს, მაგრამ შეიძლება იყოს ისეთიც, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება. ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ბოლო დღეები, ბოლო კვირები, რამდენი დროც მაქვს, ორივე ხელით ვაწერო, მარჯვენა და მარცხენა ხელით ბრძანებულებებს, რომ თქვენ მოგცეთ მოქალაქეობა", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები