პრეზიდენტი თურქეთში

სააკაშვილი და ერდოღანი შეთანხმდნენ, რომ ახმედიეს მეჩეთის გუმბათი არ შეიცვლება

საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს შორის დღეს პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალური facebook გვერდის ცნობით, 3 საათს, დაგეგმილზე ორჯერ დიდხანს გაგრძელდა. მიხეილ სააკაშვილმა და რეჯეფ თაოფ ერდოღანმა ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის თემაზეც ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ეკლესიებში ქართველ სპეციალისტებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაუშვებენ, რათა მათ სრული აღწერა და აღდგენითი სამუშაოების სათანადოდ მომზადება შეძლონ.

პრეზიდენტის facebook გვერდის ცნობით, საუბარი ასევე რაბათის ციხის საკითხს შეეხო. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რაბათის ციხეში მდგარი ახმედიეს მეჩეთის გუმბათი არ შეიცვლება, ხოლო ყველა სხვა საკითხი ურთიერთპატივისცემის პირობებში გადაწყდება. მათი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე თემაა და მხარეები თითოეულ ამ საკითხს სწორედ ამის სრული გათვალისწინებით განიხილავენ. მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრს წიგნი „ახალი საქართველო (ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ 2003-2012)“ დაათვალიერებინა, რომელშიც რაბათის ხედებიც არის შესული.

ერდოღანმა საქართველოს პირველ პირს სტამბულში დოლმაბაღჩას სასახლეში უმასპინძლა.

 

 

კომენტარები