სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ზაქარეიშვილი: სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირება მხოლოდ დაგვაზარალებს

Paata Zakareishvili
Dimitri Chikvaidze / Tabula

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის საკითხს მთავრობა სიტუაციიდან გამომდინარე მიუბრუნდეს.

"ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტს და მთავრობას ესმის მათი, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება ყოვლად დაუშვებელია. ეს მხოლოდ დაგვაზარალებს. მთავრობას არასდროს უთქვამს, რომ აუცილებლად მივიღებთ ოლიმპიადაში მონაწილეობას, ჩვენ ვამბობთ, რომ დავაკვირდებით მოვლენებს და სიტუაციიდან გამომდინარე დავუბრუნდებით ამ საკითხს, თუმცა დღესდღეობით არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ მივიღოთ ბოიკოტირების გადაწყვეტილება", - განუცხადა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში და ქართველ ხალხს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

"ეს დღე ჩემთვის ორი ნიშნით ხასიათდება. ერთი მხრივ, ეს დღესასწაული მსოფლიო მნიშვნელობისაა, მეორე მხრივ კი, ტიპიური ქართული დღესასწაულია. ასეთი უნიკალური შეზავება აქვს სვეტიცხოვლობას ქართული მართლმადიდებლობისა და მსოფლიო მართლმადიდებლობის. მე ასეთი განცდა მაქვს. ყველას მინდა მივულოცო დღევანდელი დღე", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები