პოლიციელის მკვლელობა

სააკაშვილი ხობის სპეცოპერაციაზე: ამ ხალხის ციხიდან გამოშვება არ შეიძლებოდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხობში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არანაირი პოლიტიკა არ ამართლებს ოჯახების გაუბედურებას.

"კრიმინალმა, რომელმაც მანამდე კიდევ მოკლა ადამიანი და რომელიც გამოუშვეს ციხიდან, იმსხვერპლა ძალიან კარგი კაცი, ახალგაზრდა დავით დემურია, რომლის მეუღლე არის ფეხმძიმედ და დაჭრა რამდენიმე პოლიციელი. მე ამას ნამდვილად არ ვამბობ ნიშნის მოსაგებად, მაგრამ რამდენჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი გაფრთხილებები არის სწორი. ამ ხალხის გამოშვება ციხიდან არ შეიძლებოდა. ესენი იყვნენ ძალიან საშიში დამნაშავეები და არანაირი პოლიტიკა არ ამართლებს ოჯახების გაუბედურებას, ბავშვების ობლად დატოვებას. რა პოლიტიკა უნდა იყოს, რომ ეს ამით გაამართლო", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე, "ასეთი სისულელე 90-იან წლებშიც გაკეთდა".

ცნობისთვის, შს სამინისტროს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობისთვის ძებნილი თეიმურაზ ოკუჯავას აყვანის სპეცოპერაცია ჩაატარეს. ორი ავტომატითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა ოკუჯავამ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს. ორმხრივი სროლისას დაიღუპა სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი დავით დემურია, ასევე დაიჭრა პოლიციის ოთხი თანამშრომელი.

კომენტარები