The Economist

The Economist: ბიძინა ივანიშვილის მმართველობისას საქართველო უკან მიდის

გამოცემა The Economist სტატიას ”საქართველოს მომავალი: არანაირი ცვლილება უკეთესობისკენ” აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობისას საქართველო უკან მიდის.

სტატიაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, კრიტიკას ბევრ საკითხში იმსახურებდა, მაგრამ მას ხედვის დეფიციტში ვერ დაადანაშაულებდი. ათი წლის წინ, როდესაც ის ვარდების რევოლუციას სათავეში ჩაუდგა და შემდეგ უკვე მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ნაციონალი ლიდერი გახდა, მას ტრავმირებული, არშემდგარი სახელმწიფო დახვდა. მომდევნო 9 წლის განმავლობაში კი, ქვეყანა მენტალური რევოლუციის გზით ატარა, განაახლა, გაათავისუფლა საბჭოთა მემკვიდრეობისგან და რუკაზე დააბრუნა. ის ასევე შეებრძოლა და დამარცხდა რუსეთთან ომში, ჩაახშო ოპოზიცია, მედიაზე კონტროლი მოიპოვა, ერეოდა მართლმსაჯულებაში და ძალაუფლების მონოპოლიზება მოახდინა.

”ჩვენს ახალ მცდელობებში, რომ დაგვემყარებინა ახალი რეალობა, შიდა და გარე საფრთხეების ფონზე, შეცდომებიც დავუშვით და ხანდახან გზაც მოვიჭერით”, - თქვა სააკაშვილმა გაეროში, თავის დასამშვიდობებელ გამოსვლაში. სტატიაში წერია, რომ ამ შეცდომების ფასი იყო შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებში ქართულ ოცნებასთან დამარცხება, კოალიციასთან, რომელსაც 55 წლის მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში და რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. ”ბევრ ქართველს გაუხარდა, რომ სააკაშვილის მონოპოლია ხელისუფლებაზე დაინგრა”, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 27 ოქტომბერს, საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, რომლის ძალაუფლებაც ახალი კონსტიტუციით შეიზღუდება და ქვეყანა საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაიქმნება. თუმცა, სტატიაში აღნიშნულია, რომ აღფრთოვანებისა და იმედის ნაცვლად, თბილისში შფოთვაა.

”წამყვანი პრეტენდენტი გიორგი მარგველაშვილია, განათლების ყოფილი მინისტრი, რომლის ყველაზე მთავარი მახასიათებელი - პოლიტიკური გამოცდილების და ამბიციის არქონაა. ბატონმა ივანიშვილმა ის აირჩია ირაკლი ალასანიას, პროდასავლელი თავდაცვის მინისტრის ნაცვლად, რომლის საპრეზიდენტო ამბიციებიც აღკვეთა. შემდეგი ბ-ნი სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა, პარლამენტის ყოფილი სპიკერი, რომელიც ცდილობს სიმშვიდის წარმოჩენას და რომლის რეიტინგიც დაახლოებით 18%-ია.

ბაქრაძეს მოსდევს ნინო ბურჯანაძე, პოპულისტი, რომელსაც ბ-ნი ივანიშვილი სიცოცხლისუნარიან ოპოზიციურ ძალად წარმოაჩენს. ერთ დროს სააკაშვილის მოკავშირე ბურჯანაძე, მის მწვავე ოპონენტად იქცა. მოსკოვთან ურთიერთობების მცდელობისა და თბილისში სასტიკი შეტაკებების შემდეგ, ის თითქოს პოლიტიკურად მოკვდა. მაგრამ დღეს ბევრი ქართველი ღელავს იმის თაობაზე, რომ ბურჯანაძემ თავი წამოყო. მისი თვალშისაცემი კამპანია იზიდავს მათ, ვისაც მიაჩნია, რომ ივანიშვილი ზედმეტად რბილია სააკაშვილის მიმართ. მართალია, მისი რეიტინგი 10%-ს არ აჭარბებს, თუმცა ის ამბობს, რომ ნებისმიერი შედეგი, რომელიც მისი გამარჯვებით არ დასრულდება, გაყალბებაზე მიანიშნებს. შეიძლება იყოს მეორე ტურიც და მოწოდებები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისაკენ”, - წერია სტატიაში.

The Economist-ის სტატიაში წერია, რომ გაურკვევლობის მთავარი წყარო მაინც ბიძინა ივანიშვილია. ”გასულ თვეში, მან შოკში ჩააგდო ქვეყანა, როდესაც თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან გადადგება და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისკენ ძალისხმევას მიმართავს. ივანიშვილის კოალიციის წევრები, მათ შორის, პარლამენტის გონიერი სპიკერი დავით უსუფაშვილი, თითქოს მშვიდად არიან. თუმცა, ნერვიულობენ სააკაშვილის მხარდამჭერები. „ივანიშვილს პროცესში დარჩენა, მაგრამ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება უნდა. საფრთხე ის არის, რომ მისი გადადგომა სახელისუფლებო ვაკუუმს შექმნის, რასაც შეიძლება ქაოსი მოჰყვეს“, ამბობს გიგა ბოკერია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი”, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში წერია, რომ ქართველი ამომრჩევლები, რომლებსაც ივანიშვილის სიმდიდრის იმედი ჰქონდათ, თავს მოტყუებულად მიიჩნევენ და დაახლოებით 70% მის ნაადრევ გადადგომას არ ეთანხმება. ”ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა ისეთი დაპირებებით, როგორიცაა კანონის პატივისცემა, სამუშაო ადგილების შექმნა, მაგრამ მისი მთავარი მოტივი სააკაშვილის და მისი პარტიის მანქანის დანგრევა იყო, ხშირად შერჩევითი სამართლის გამოყენებით. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაპატიმრებულია და ციხეშია დღემდე, რადგან მისი სასამართლო მუდმივად გადადების პროცესშია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ადგილობრივი გამგებელი ასევე გაათავისუფლეს თანამდებობებიდან ან დააპატიმრეს შეთითხნილი ბრალდებებით.

სააკაშვილის მემკვიდრეობის განადგურების მცდელობისას, ივანიშვილი ანგრევს მართვის მექანიზმს, ამბობენ მისი ოპონენტები. წინსვლა არ არის არც იმ მიმართულებით, რაც ქართველებს აწუხებთ, მათ შორის, სამუშაო ადგილების და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. ეკონომიკის განვითარება შეფერხებულია, უცხოური ინვესტიციები კი იწურება და რუსი ჯარისკაცები ახალ საზღვრებს ავლებენ მავთულხლართებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. პოლიტიკური ზეწოლა მედიაზე გაიზარდა. ორი პოლიტიკური თოქ-შოუ ეთერიდან მოხსნეს. ბოლოდროინდელ შეხვედრაზე ქართველ ჟურნალისტებთან, ივანიშვილი თავს დაესხა მათ და უსაყვედურა მოვლენების კრიტიკული გაშუქებისათვის. (ივანიშვილმა და მისი მინისტრების უმრავლესობამ The Economist-ს ინტერვიუზე უარი უთხრეს)”, - წერია სტატიაში.

გამოცემა The Economist-ში ასევე ნათქვამია, რომ ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ივანიშვილმა ქართული საზოგადოების ”ბნელი ძალები” გააღვიძა. მათ შორის, უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტები და ნახევრად კრიმინალური ჯგუფები, ”რომლებმაც ახლახან მოაწყვეს მახინჯი ანტიგეი შეტაკებები „ტრადიციული მართლმადიდებლური ღირებულებების“ დაცვის სახელით გარყვნილი დასავლური გავლენების წინააღმდეგ. ანტისომხური და ანტიმუსლიმური რიტორიკა იზრდება. ციხეებიდან გასამართლებული კრიმინალები გამოუშვეს, რომლებიც ქვეყანაში დაძრწიან.” - წერია სტატიაში.

„ყველაფერი, რის წინააღმდეგაც ვიბრძოდით, დაბრუნდა. ჩვენ დავიღალეთ წინა მთავრობისგან, მაგრამ ის, რაც მივიღეთ, ნამდვილად არ არის უკეთესი“, ამბობს შორენა შავერდაშვილი, პოლიტიკური ჟურნალის -ლიბერალის რედაქტორი.  ბევრ ახალგაზრდა, დასავლეთში განსწავლულ ქართველს აქვს იმის განცდა, რომ მათი ქვეყანა უკან მიდის. ივანიშვილის მხრიდან გასული ათი წლის მიღწევების წარუმატებლად წარმოჩენა, მათი მძიმე შრომის შეურაცხყოფაა. ათი წლის წინ, ბევრი ნიჭიერი ქართველი ექსპატრიატი ოპტიმიზმით სავსე დაბრუნდა ქვეყანაში. ახლა, იგივე ხალხი ქვეყნის დატოვებაზე ლაპარაკობს”, - წერია The Economist-ის სტატიაში.

კომენტარები