სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ზაქარეიშვილი: გამოწვევა იქნებოდა 14 000 მეჩირაღდნე რომ ყოფილიყო ომის მონაწილე

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაზე, მოქალაქეების პეტიციამ გავლენა არ უნდა მოახდინოს. ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ "მხოლოდ ერთი მეჩირაღდნის გამო" გადაწყვეტილების შეცვლა ყოვლად დაუშვებელია.

"ამ პეტიციას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს გავლენა მთავრობის გადაწყვეტილებაზე. არის საკითხები, სადაც მთავრობამ უკეთესად იცის რა ხდება და ყველაფრის თქმა არ შეიძლება. მე მესმის პეტიციის ხელმომწერების, პატივს ვცემ მათ - ჩვენთან სიტყვის თავისუფლებაა, მათ ამის გაკეთების უფლება აქვთ და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მსოფლიოს, თუ რამდენად დიდი წნეხის ქვეშ არის საქართველოს მთავრობა, არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან, რომელიც დაინტერესებულია, რომ ჩვენ არ მივიღოთ მონაწილეობა ოლიმპიადაში და ამისთვის მუდმივად ახორციელებს პროვოკაციებს, არამედ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც. მე მესმის მათი, მათ თანავუგრძნობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ მეჩირაღდნის გამო, ყოვლად დაუშვებელია, ჩვენ უარი ვთქვათ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ეს არ არის ის არგუმენტი, რის გამოც ჩვენ დღეს ოლიმპიადაზე არ უნდა მივდიოდეთ და ბოიკოტს ვუცხადებდეთ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გუშინ, ინგა გრიგოლიას გადაცემაშიც ისაუბრა. მისი თქმით, მხოლოდ ერთი მეჩირაღდნის გამო, სახელმწიფო ვერ წაიბორძიკებს.

"14 ათასი კაციდან ყველა მეჩირაღდნე რომ ყოფილიყო ომის მონაწილე, ეს იქნებოდა გამოწვევა. მაშინ შეიძლებოდა, რომ ეს სერიოზული ყოფილიყო. 14 ათასიდან ერთადერთი ადამიანია და შენ ამაზე თუ წაიბორძიკებ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სახელმწიფო არ ხარ. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი, ოკუპაცია და აღიარება, ჩვენ - ახალი მთავრობა, ვეძებთ რუსეთთან ახალ ურთიერთობებს, ვალაგებთ, ამიტომ ჩვენთვის მორალურად მძიმე გადასაწყვეტია, მაგრამ ვაპირებთ, წავიდეთ ოლიმპიადაზე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი ივან ნეჩაევი იქნება.

სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას კი, ამ ეტაპზე 7 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

კომენტარები