ნეპოტიზმი აჭარაში

ასმათ დიასამიძე: აჭარაში ნეპოტიზმი გრძელდება

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, აჭარაში ნეპოტიზმი გრძელდება. როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ასმათ დიასამიძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, ქედის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტის ვიცესპიკერის მურმან დუმბაძის ნათესავია, მისი მოადგილე - უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის ბიძაშვილი, ქობულეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მეგობარი.

"აჭარაში ნეპოტიზმი გრძელდება. ხაბაძე-დუმბაძე-ბერიძის კლანი ასაქმებს და ანაცვლებს თავიანთ ნათესავებს საჯარო სამსახურებში. ამის დასტურია გამგებლების ერთ დღეში შეცვლა. ქედის გამგებელი მურმან დუმბაძის ნათესავი დავით დუმბაძეა, მისი მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ ბერიძის ბიძაშვილი, ხოლო ქობულეთის გამგებელი ყოფილი ბანკირი და არჩილ ხაბაძის მეგობარი გიორგი რომანაძეა", - განაცხადა დიასამიძემ. მისი თქმით, საჯარო სამსახურებში, სადაც ჯერ კიდევ დროებით მოვალეობის შემსრულებლები არიან, უნდა ჩატარდეს კონკურსი.

"პრემიერმინისტრმა დააკანონა ტენდენცია - თუ არ გყავს პატრონი ქართულ ოცნებაში, თუ არ ხარ რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრი ან ნათელ-მირონი, მაშინ, შენთვის წარმოუდგენელია მიაღწიო რამეს, მოხვიდე საჯარო სამსახურში და გადადგა წინ ნაბიჯი", - აღნიშნა ასმათ დიასამიძემ.

აჭარაში ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ საუბარი ახალი არ არის. წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის ვიცესპიკერმა მურმან დუმბაძემ მთავრობაში საკუთარი ახლობლები დაასაქმა.  თავად დუმბაძემ 2013 წლის 11 თებერვალს ტელეკომპანია “25 არხის” გადაცემა დიალოგში დაადასტურა, რომ მისი ახლობლები აჭარაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე ნამდვილად ინიშნებიან.

“უცნობს არავითარ შემთხვევაში არ მივცემ რეკომენდაციას, მე რეკომენდაციას ვაძლევ მხოლოდ ახლობლებს”, -  თქვა დუმბაძემ.

კომენტარები