თურქეთი

თურქეთის სახელმწიფო დაწესებულებებში თავსაბურავების ტარების აკრძალვა გაუქმდა

Turkey's Prime Minister Tayyip Erdogan talks during the Southeast European Cooperation Process Summit in Istanbul
Osman Orsal / REUTERS

თურქეთმა სახელმწიფო დაწესებულებებში ქალებისათვის თავსაბურავის ტარების აკრძალვა გააუქმა. შესაბამისი კანონი სამთავრობო გამოცემაში გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევიდა.  ეს ადამიანის უფლებების სფეროში მთავრობის მიერ შემუშავებული  დემოკრატიზაციის პაკეტის ნაწილია.

სახელმწიფო დაწესებულებებში თავსაფრის აკრძალვა თურქეთის რესპუბლიკაში დაახლოებით 90 წელი მოქმედებდა. აკრძალვები ჩაცმულობაზე თურქეთში ათათურქის სეკულარულ რეფორმებს უკავშირდება, რომელიც თურქეთში წინა საუკუნის 20-იან წლებში განხორციელდა.

„ამ შესწორებით მტკივნეული აკრძალვა მოიხსნა, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა როგორც მშობლებს, ასევე ახალგაზრდებს. სიბნელის ერა დასრულებულია,“- განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა  რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.

ერდოღანს სეკულარისტი მოწინააღმდეგები ჰყავს, რომლებიც შიშობენ, რომ აკრძალვის მოხსნა თურქეთის ისლამისკენ მიბრუნებას მოწმობს და ერდოღანის პარტიას ათათურქის მემკვიდრეობის ნგრევაში ადანაშაულებენ. თუმცა, ერდოღანის კონსერვატიული მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამგვარად თურქეთი რელიგიური გამოხატვის თავისუფლებას იცავს.

რეფორმათა პაკეტი საარჩევნო სისტემაში  ცვლილებებს, ასევე  ქურთული უმცირესობისათვის დამატებითი უფლებების მინიჭებასაც ითვალისწინებს.

კომენტარები