მავთულხლართები

ოთხი პოლიტიკური პარტია მავთულხლართების გაბმაზე: მთავრობა უმოქმედოა

მავთულხლართები დიცში

ახალი მემარჯვენეები, თავისუფალი საქართველო, ქართული დასი და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებენ. პარტიების განცხადებით, ოკუპაციის შესაჩერებლად არაფერი კეთდება.

"რუსული საოკუპაციო ჯარები განაგრძობენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოჭრას. ამჟამად, მავთულხლართებს აბამენ სოფელ დიცსა და დვანში. მოსახლეობა მუდმივი შიშის და ტერორის ქვეშ იმყოფება და არის სრულიად მიტოვებული საკუთარი ხელისუფლებისგან, არ იღებენ არანაირ სოციალურ და ეკონომიკურ დახმარებას. იმავდროულად, ხელისუფლებისგან ამ პროცესისთვის ხელის შემშლელი ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს. გასაგებია, რომ საქართველოს მთავრობას მოცემულ სიტუაციაში, არ შესწევს ძალა, სრულად შეაჩეროს ოკუპაცია, თუმცა ის განცხადებები, რაც ისმის პირადად პრემიერის და მთავრობის სხვა წარმომადგენლებისგან, ყოვლად არაადეკვატურია. საქმეს არ შველის იმის მტკიცება, რომ რუსეთი ამ პროცესით საკუთარ თავს ვნებს. ასევე, არც პასუხისმგებლობის მოხსნა და ყოფილ ხელისუფლებაზე გადატანა, რომლის დანაშაულებრივი საქმიანობა, ისედაც ყველასთვის ნათელია", - ნათქვამია განცხადებაში. ოთხი პოლიტიკური პარტია მოუწოდებს მთავრობას - გადადგას შექმნილი ვითარების ადეკვატური ნაბიჯები.

კომენტარები