ბაჩო ახალაიას საქმე

პრეზიდენტი: ბაჩო ახალაიას ირგვლივ შექმნილი ვითარება პარადოქსულია

საქართველოს პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესების ირგვლივ შექმნილ ვითარებას პარადოქსულს უწოდებს. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი გაიწელოს.

"ცოტა ხნის წინ შევხვდი ბაჩო ახალაიას მეუღლეს ანი ნადარეიშვილს. ძალიან მებრძოლი და მაგარი გოგოა. მამამისიც არ იყო უბრალო კაცი, აფხაზეთში ბოლომდე იბრძოდა. ის პარადოქსული სიტუაცია, რომელიც შეიქმნა სასამართლოზე პროკურატურის მხრიდან, ყველა საზღვარს სცდება. მოულოდნელად ავად იმიტომ გახდნენ პროკურორები, რომ პროცესი გაიწელოს. სრულიად მოსალოდნელი გამამართლებელი განაჩენი მეორე საქმეზე არ ცხადდება და ამაში ძირითადი წვლილი ისევ პროკურატურას მიუძღვის. ახლა კი, რაღაც საქმეა, რომელიც ძირითადად კანონიერი ქურდების ჩვენებებს ეფუძნება", - აცხადებს პრეზიდენტი. მისი თქმით, საზოგადოების ნაწილს, შესაძლოა, პრეზიდენტი არ მოსწონდეს, ნაწილს – ბაჩო ახალაია, ნაწილს კი – საერთოდ არავინ, თუმცა გარკვეული წესების არსებობა აუცილებელია.

"როგორ შეიძლება, სახელმწიფო და კანონიერი ქურდები ერთად ასამართლებდნენ ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს ის? ასეთი რამ არსად გამიგია. მაფია სპეციალურად დავძლიეთ და საქართველოში კანონიერი ქურდები ვეღარ ჯეჯილობდნენ. ახლა ისინი ვიღაცას ასამართლებენ. ამიტომ ვფიქრობ, ყველამ უნდა მოუხმოს საღ აზრს, სამართალმა უნდა იზეიმოს და მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა იყოს გამოიტანოს. ფაქტია, რომ ძალიან უცნაური რაღაცები ხდება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმეზე დასკვნითი პროცესია ჩანიშნული. წინა ორი სხდომა პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. მანამდე კი, საქმის პროკურორი ავადმყოფობის მიზეზით პროცესზე არ გამოცხადდა და ის სხვა პროკურორმა ჩაანაცვლა.

კომენტარები