დანაშაულის სტატისტიკა

შსს-მ დანაშაულის სტატისტიკა კვლავ არასრულად გამოაქვეყნა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 9 თვის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა, თუმცა, მონაცემები წინა რამდენიმე შემთხვევის მსგავსად, ამჯერადაც დაჯამებული სახით არის მოცემული და არ არის გაშიფრული, რა ტიპის დანაშაულმა იკლო, ან მოიმატა, როგორი დანაშაულებების გახსნის მაჩვენებელია გაზრდილი და ა.შ.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 5 589 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 37,2%-ით მოიმატა და 57,2%-ს შეადგენს.

შსს ასევე აქვეყნებს სექტემბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით. 2013 წელს, სექტემბრის თვეში ქვეყნის მასშტაბით ფიქსირდება დანაშაულის კლება 644 ერთეულით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 68,4%-ს შეადგენს და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55,5%-ით მოიმატა.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან არაერთი მედიასაშუალება უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს დანაშაულის დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნებას, თუმცა, უშედეგოდ. შსს-მ დეტალური სტატისტიკის გამოქვეყნება 2013 წლის მარტში შეწყვიტა.

კომენტარები