ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია

კანდელაკი: ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტში სახიფათო ფორმულირება იყო გაპარული

www.radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმცირესობა საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებს. დეპუტატ გიორგი კანდელაკის თქმით, ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციაში შესატანი ცვლილებების ჩამონათვალში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი და დიცსა და დვანში საოკუპაციო ხაზის გავლება ნახსენები არ იყო. თუმცა, კანდელაკის განმარტებით, დოკუმენტში ცვლილება უმცირესობის ინიციატივით მაინც შეიტანეს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ის შენიშვნები და ის ძალისხევა, რაზეც მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთელი ბიორაკრიტიული რესურსი, მომართული იყო რეზოლუციიდან საქართველოს მთავრობის მიმართ კრიტიკული შენიშვნების წაშლაზე. კერძოდ, იმ პუნქტების, რომლებიც ეხება პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას და პრობლემებს მართლმსაჯულების ადმინისტრირების საკითხებში. საგარეო საქმეთა სამინისტროს გამორჩა, რომ რეზოლუციის ტექსტში გაპარული იყო ძალიან სახიფათო ფორმულირება, რომელიც ეხებოდა დე ფაქტო მთავრობებთან - აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთთან სტატუსთან დაკავშირებული წინაპირობების გარეშე, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დიალოგის წარმართვას. ჩვენ შევიტანეთ შესწორება, რომელსაც მხარი დაუჭირა კომიტეტმა" - აღნიშნა კანდელაკმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით კი, ქართულმა დელეგაციამ რეზოლუციაში შესატანი ცვლილებების ტექსტზე ერთობლივად იმუშავა.

"ვიმსჯელეთ, რა ტიპის შენიშვნები შეიძლებოდა შესულიყო. აქცენტი გაკეთდა დვანში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომ რეზოლუციაში დაგვემატებინა ბოლო პერიოდის ამბები ანუ რაც ხდება ცხინვალის ტერიტორიაზე. რაც შეეხება მეორე ნაწილს, სადაც საუბარია არა ვანო მერაბიშვილზე ან კონკრეტულად ვინმეს სახელსა და გვარზე, არამედ, საუბარია დაკავების თემაზე და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებაზე. ნახსენებია ევროპული კონვენციის მეხუთე-მეექვსე მუხლები და ამ საკითხში გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა, რომ ქვეყნის შიგნით ყველა პროცედურა მართლაც ამ სტანდარტებით უნდა განხორციელდეს" - აცხადებს ბესელია.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია(დოკუმენტი 12204) ევროსაბჭოს სხვადასხვა ქვეყანაში მონიტორინგის მექანიზმის შესახებ, რომელშიც შემდეგი ფორმულირება ჩაიწერა : ”ასამბლეა მონიტორინგის ქვეშ ან პოსტ მონიტორინგ დიალოგის რეჟიმში მყოფ, ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შემაშფოთებელი განვითარებით უკმაყოფილოა. განსაკუთრებით საქართველოთი, სადაც კოაბიტაციის პროცესი მძიმედ მიდის და ადგილი ჰქონდა ოპოზიციის წევრების დაჭერას, უფრო ფართო პრობლემაა ქვეყანაში სასამართლოს და იუსტიციის დამოუკიდებლობის ხარისხი.”

კომენტარები