შსს

ავსტრიელმა სამართალდამცველებმა წამებაში ბრალდებული დავით ჩაგინავა დააკავეს

RFE/RL

თბილისის, ანკარის და ვენის ინტერპოლების თანამშრომლობის შედეგად, ავსტრიელმა სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული დავით ჩაგინავა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დავით ჩაგინავას, დაპატიმრების და ექსტრადიციის მიზნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 10 სექტემბრიდან ეძებდნენ. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წამებას.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მეგის ქარდავამ შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, მისადმი დაქვემდებარებული შს სამინისტროს თანამშრომლებისა და სხვა პირებისგან შექმნა სტრუქტურული ფორმის მქონე მყარად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანი იყო სხვადასხვა დანაშაულის ჩადენა. დავით ჩაგინავა წარმოადგენდა ამ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს. მეგის ქარდავას უშუალო დავალებით ჯგუფის წევრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით ტყის მასივებში კონკრეტულ პირთა წამების, დაშინების და სხვა უკანონო ქმედებების ჩასადენად მოწყობილი ქონდათ ე.წ. „მიწურები“ და ხის სადგომები" - აცხადებს შსს. უწყების ინფორმაციით, დავით ჩაგინავა 2011 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს, აღნიშნული ადგილების გამოყენებით, თანამზრახველებთან ერთად, მეგის ქარდავას დავალებით უშუალოდ მონაწილეობდა ორი პიროვნების გატაცებაში, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ცემაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და გაუპატიურებაში.

"ჯგუფის წევრები ამას აკეთებდნენ იმისთვის, რომ უდანაშაულო პირებისგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ივლისის განჩინებით, დავით ჩაგინავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამჟამად დავით ჩაგინავა ინტერპოლის თბილისის ბიუროს მოთხოვნით გამოცემული წითელი ცირკულარის და ავსტრიის გენერალური პროკურატურის ბრძანების საფუძველზე იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში და მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები", - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

კომენტარები