საპარლამენტო დებატები

მაჭავარიანი: წელს ბიუჯეტში 33 მილიონით ნაკლებია აკრეფილი, ვიდრე შარშან

წელს საბიუჯეტო შემოსავლების სახით 33 მილიონით ნაკლებია აკრეფილი, ვიდრე შარშან. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ეკონომიკის საკითხებზე პარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

მან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დათვლილი მონაცემების ფონზე ისაუბრა იმაზე, თუ რა მდგომარეობაში დახვდა ნაციონალურ მოძრაობას ეკონომიკა 2003 წელს და რა მდგომარეობაში დაუტოვა ის ახალ ხელისუფლებას. მისი თქმით, 4-ჯერ შემცირდა გადასახადების რაოდენობა, 70%-ით შემცირდა ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობა, 10-ჯერ გაიზარდა პენსია, შემცირდა ვალი და გაიზარდა საბანკო დეპოზიტები, რაც ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ნდობაზე მიუთითებს, 10-ჯერ გაიზარდა საბიუჯეტო შემოსავლები.

მაჭავარიანის თქმით, იმას, რომ წელს ბიუჯეტი ვერ სრულდება, ლოგიკური მიზეზები აქვს - მათ შორის, არ არის ხედვა, არ არის გეგმა და ეკონომიკურ გუნდში არაკომპეტენტური ხალხია. "ჩვენ ათჯერ გავზარდეთ ოთხ წელში შემოსავლები. ჩვენ დავტოვეთ ბიუჯეტი, რომელიც იყო 8.748 მილიარდი ლარი იყო. რა სიტუაციაშია დღეს ბიუჯეტი? სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ გამოქვეყნდა 9 თვის მონაცემები და პირველად, ბოლო 9 წლის განმავლობაში, როგორც თქვენ გიყვართ საუბარი, შარშანდელმა შემოსავლებმა გაასწრო წლევანდელ შემოსავლებს," - აღნიშნა მაჭავარიანმა. 

მაჭავარიანის შეფასებით, ქვეყანას ერთადერთი რეალური ზრდა ტურიზმის სექტორში აქვს. მისივე თქმით, ეს დადებითი დინამიკა წინა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომლის მიხედვითაც თბილისში, ქუთაისში და ბათუმში აეროპორტები აშენდა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრს მიაჩნია, რომ ახლა დაპირისპირების დრო არ არის და ყველამ შეთანხმებულად უნდა იმუშაოს იმ მიმართულებით, რომ საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს, როგორც ეს დაგეგმილი იყო და ეკონომიკამ ზრდის ტენდენცია დაიბრუნოს. მისი თქმით, არსებობს პროექტები, მაგალითად სოფლის მეურნეობის დარგში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობას მოსწონს, ოღონდ არც ეს პროექტები უნდა განახორციელოს მთავრობამ იმპერატიულად, ისე, რომ აზრს არავის შეეკითხოს. "ასეთი შეცდომა ჩვენც მოგვდიოდა. თქვენ ნუ დაუშვებთ, ნუ გაიმეორებთ," - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა. 

კომენტარები