საპარლამენტო დებატები

ბოკერია: მინისტრები რომ პარლამენტში არ მოდიან, მაშინ არ ირღვევა რეგლამენტი?

მეორე არხი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ საპარლამენტო დებატების დატოვებას ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, ქართული ოცნების წევრების მიერ იმაზე აპელირება, რომ რეგლამენტის წესის დარღვევა მათთვის ღირსების შემლახავია, არათანმიმდევრული გადაწყვეტილებაა. 

"მოგწონთ თუ არა მარგველაშვილის საქციელი და, ზოგადად, მარგველაშვილიო? არა, მე პრეზიდენტი მარგველაშვილი არ მომწონს, პირდაპირ მინდა, გითხრათ. ზოგადად არ მომწონს. არც მაშინ, თქვენ რომ მოგწონდათ და რომ შემოგვთავაზეთ და არცერთ ეტაპზე. არც მინისტრი მომწონდა, არც პრეზიდენტი. არც ეს ქცევა არ მომწონს, მაგრამ აქ ღირსება ახსენეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა. ანუ თქვენ რისი თქმა გინდათ, რომ თქვენთვის ღირსების საკითხია რეგლამენტის დარღვევა? ამას ადასტურებთ, ხო, ყველა? სიჩუმე თანხმობის ნიშანია. და იმ რეგლამენტში რომ წერია, რომ მინისტრები უნდა გამოცხადდნენ ხოლმე და, ბოდიში და, ფეხებზე რომ იკიდებთ და მშვიდად, უღირსებოდ მათ ნდობას უცხადებთ და 1 პრეტენზიასაც არ უყენებთ. და ახლა ვერ გავიგე. უმრავლესობა ხართ და თანმიმდევრულები უნდა იყოთ. თუ რეგლამენტი ღირსების საკითხია, ამ ინტერპრეტაციაზე ამხელა სამოქალაქო ომს არ უნდა მართავდეთ და როცა მინისტრები წლის განმავლობაში ოპოზიციის დაძახებულს იგნორირებას უკეთებენ და თქვენ დაგცინიან, მაშინაც ღირსება უნდა გაგახსენდეთ ხოლმე,"- თქვა ბოკერიამ სიტყვით გამოსვლისას. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი, სადაც დებატები მიმდინარეობდა, სულ ცოტა ხნის წინ დატოვა. ამის მიზეზი დებატების ფორმატთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა გახდა.

გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, დეპუტატებთან დებატებში შესვლის საშუალება მისცემოდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამას რეგლამენტი არ ითვალისწინებს.

"ეს ცოტა სირთულეს ქმნის, რადგან ჩვენ გვაქვს გამოცხადებული დებატები. დებატებში როდესაც გამოდიან პოლიტიკოსები და კონკრეტულ პასუხს აძლევენ ჩემს შეხედულებებზე, მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ შევქმნა დებატის ფორმატი. ეს არ არის დებატები, როცა მე ვისმენ ერთმანეთის მიყოლებით კონკრეტულ შეხედულებებს და არ მაქვს შესაძლებლობა ჩავერთო დისკუსიაში. ასე რომ, თუ რამე პროცედურული თემა არის გასავლელი, გავიაროთ და მომეცით შესაძლებლობა, დისკუსიაში ვიყო პარლამენტთან, რომელსაც გააჩნია შეხედულებები და მეც გამაჩნია პასუხები", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს იქნებოდა რეგლამენტის დარღვევა, რადგან პროცედურები ზუსტად არის დადგენილი და პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ სიტყვა ეკუთვნით ჯერ ფრაქციებს, შემდეგ სხვა სუბიექტებს და ამის შემდეგ არის პრეზიდენტის დასკვნითი სიტყვა​.

"თქვენ გექნებათ დასკვნითი სიტყვა და ბუნებრივია, ყველა კითხვას გასცემთ პასუხს. სხდომა მიმყავს რეგლამენტის შესაბამისად, ჩემი მოვალეობაა რეგლამენტის დაცვა. დებატების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტში 1995 წლიდან, როცა თქვენი მეგობარი, ბატონი ზურაბ ჟვანია იყო პარლამენტის თავმჯდომარე. იმის შემდეგ ეს წესი არის უცვლელი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ გააკეთონ შესაბამისი ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომას, რომელიც დისკუსიაში შესვლის საშუალებას არ აძლევს, არ დაესწრება. პარლამენტის თავმჯდომარემ მას უთხრა, კანონს ეწინააღმდეგება.

"გააკეთეთ ცვლილება ისეთი, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა. დასკვნით სიტყვაში ვიტყვი თუ შუაში, ეს ჩემი გადასაწყვეტია. შეიძლება საერთოდ არ ვთქვა დასკვნითი სიტყვა და შევიდე დებატებში პატივცემულ დეპუტატებთან. [...] წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომას, რომელიც არ მალევს შესაძლებლობას, შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები. მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, გელოდებით", - თქვა მარგველაშვილმა და დარბაზი დატოვა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის კანონის და ინსტიტუტის უპატივცემულობა.

"ეჭვი მიჩნდება, რომ წინასწარ განზრახული და დაგეგმილი ნაბიჯი იყო", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უცნობია, დაბრუნდება თუ არა დარბაზში პრეზიდენტი. ამ წუთებში დეპუტატები განიხილავენ, შესაძლებელია თუ არა გიორგი მარგველაშვილი სხდომის მიმდინარეობისას ჩაერთოს დისკუსიაში.

კომენტარები