საპარლამენტო დებატები

გაბაშვილი: არ ღირს რუსეთის ემბარგოს მოხსნა ეროვნული ინტერესების დათმობის სანაცვლოდ

geonews.ge

რუსეთი ემბარგოს პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს და საქართველოს არ უღირს ემბარგოს მოხსნის სანაცვლოდ ეროვნული ინტერესების დათმობა, - ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა პარლამენტში ეკონომიკურ თემაზე დებატებისას განაცხადა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აღნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდან ემბარგოს დაწესების მიუხედავად, საქართველოდან მინერალური წყლისა და ღვინის ექსპორტი არ შემცირებულა. მისი თქმით, რუსეთის ბაზრის გახსნით საქართველოს ეკონომიკის გადარჩენა ლეგენდაა, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.
"არ მეგულება არცერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ რუსეთის მხრიდან ცალმხრივად შემოღებული ემბარგო არის კარგი. რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ ეს ემბარგო გაუქმდეს. მაგრამ შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში - არის თუ არა ეს ემბარგო რუსეთის ხელში ის ინსტრუმენტი, რომელიც გადამწყვეტ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე? უჭირავს თუ არ რუსეთს ის ბერკეტი, რომლის გამოც უნდა დავთმოთ ძალიან ბევრი რამ - დავთმოთ ქვეყნის ეროვნული ინტერესები? ღირს კი ამ ემბარგოს მოხსნა იმად, რომ დღეს ვისაუბროთ ევრაზიულ კავშირზე, დავაბნიოთ ყველა ჩვენი მეგობარი, გამოვუშვათ რუსეთის ჯაშუშები, გავაუქმოთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, შევასუსტოთ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე და ვთქვათ, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში? ეს ნამდვილად არ ღირს", - განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარები