საპარლამენტო დებატები

ტყემალაძე: ხელისუფლება მიღწეულით არ კმაყოფილდება

primetimenews.ge

რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.3%-ით გაიზარდა და 426 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ ეკონომიკურ საკითხებზე პარლამენტში გამართულ დებატზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ქართული პროდუქციის გასვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდას. 

ექსპორტის გაზრდის გარდა, მმართველობის ერთი წლის შემდეგ, ხელისუფლების მთავარ მიღწევად ტყემალაძე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების (2012-2020 წწ.) სტრატეგიის მომზადებას, საგადასახადო შემოსავლების პოზიტიურ დინამიკას, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შემუშავებას და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს ასახელებს. მისივე თქმით, დაიწია ელექტროენერგიის და გაზის ტარიფებმა, რის შედეგადაც მოსახლეობას თანხის დაზოგვის შესაძლებლობა გაუჩნდა.

ტყემალაძემ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი მოიყვანა და აღნიშნა, რომ კვლევაში ქვეყანამ 5 ადგილით წინ წაიწია. "ჩვენი ხელისუფლება მიღწეულით არ კმაყოფილდება", - აღნიშნა ტყემალაძემ.

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკა დაეფუძნა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს. ამაზე, ტყემალაძის თქმით, მიუთითებს ის რეფორმები, რომელთა გატარებაც ხელისუფლებამ უკვე დაიწყო. მაგალითად, დაიწყო ზრუნვა ადგილობრივ მრეწველობაზე და შეიმუშავა კანონპროექტები, რომლებიც ადგილობრივ წარმოებას იმპროტირებული და უფრო იაფი საქონლისგან დაიცავს. ასევე, დაიწყო კონკურენციის სფეროს განვითარება კანონში ანტიმონოპოლიური ცვლილებების შეტანის გზით, რითაც მონოპოლისტების კიდევ უფრო შეზღუდვას შეუწყობს ხელს.

შრომის კანონმდებლობასთან ერთად, ეს სწორედ ის საკითხებია, რომელთა გამოც თავისუფალი ბაზრის მომხრე ექსპერტები ხელისუფლებას ყველაზე ხშირად აკრიტიკებენ. 

კომენტარები