საპარლამენტო დებატები

საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით, ეკონომიკის საკითხებზე დებატები გაიმართება

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

დღეს პარლამენტში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. 

დებატებზე საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ყურადღება გაამახვილოს იმ შედეგებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური კუთხით ამ ერთი წლის განმავლობაში მიაღწია. "აბსოლუტურად ყველაფერზე იქნება გამახვილებული ყურადღება. დარგების მიხედვით - რა დარგში რა წარმატებაა და რა ჩამორჩენაა, თუკი არსებობს ასეთი, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ არ არსებობს. ერთადერთი, სადაც ცოტა ჩამორჩენაა, ესაა ჩამორჩენა მშენებლობაში. მშენებლობაშიც რატომ იყო ესეთი ზრდა - ეს იყო ყველაფერი ფიქცია", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე.

დებატებზე საპარლამენტო უმცირესობა შეეცდება, აჩვენოს ყველა ის პრობლემა და მიზეზი, რაც ეკონომიკურ ზრდას ხელს უშლის. "ჩვენ ვაჩვენებთ, რა მდგომარეობაში ჩავიბარეთ ეკონომიკა 2003 წელს. ჩვენ რა გავაკეთეთ და რას მივაღწიეთ 2012 წლამდე. მათ შორის, როგორ მივაღწიეთ იმას, რომ ამ წლების განმავლობაში ეკონომიკური ზრდა იყო საშუალოდ 7%. შემდეგ ავუხსნით, რა მიზეზების გამო მიიყვანეს მათ ქვეყანა იქამდე, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი -1-დან 1%-მდე ლავირებს", - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე.

საპარლამენტო უმცირესობამ ასევე მოამზადა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვა. კონკრეტული შეთავაზებები გულისხმობს გადასახადების დაწევას, მორატორიუმის გამოცხადებას ისეთ კანონმდებლობაზე, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზოგადად ქვეყანაში და ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას.

დებატების ინიციატორი საპარლამენტო უმცირესობაა. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა საპარლამენტო დებატებს მთავრობა. 

კომენტარები