საქართველოს ძალოსანთა ნაკრები

ლევან ყიფიანი ახალგაზრდა ძალოსნებს შეხვდა

ლევან ყიფიანი ძალოსნებს შეხვდა
msy.gov.ge

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 20 და 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ძალოსნობაში, ქართველმა სპორტსმენებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და გუნდურ ჩათვლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მძიმეწონოსანთა შორის პირველი ადგილი, დიდი უპირატესობით ლაშა ტალახაძემ დაიკავა და ოქროს მედალს დაეუფლა.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, მინისტრი ახალგაზრდა ძალოსნებსა და ფედერაციის ხელმძღვანელობას შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, ოლიმპიური ჩემპიონები და ძალოსანთა ფედერაციის პრეზიდენტები - გიორგი ასანიძე და კახი კახიაშვილიც ესწრებოდნენ.

"მინდა მწვრთნელებს, სპორტსმენებს და ფედერაციას ეს წარმატება მივულოცო. იმედს გამოვთქვამ, რომ არა მხოლოდ ახალგაზრდულ დონეზე, არამედ დიდებშიც გაგრძელდება ეს წარმატება. ქვეყანაში მრავალი პრობლემაა და ვიცი, რომ თქვენც ბევრი რამ გაწუხებთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, ყველანაირად გვერდში დაგიდგეთ", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

კომენტარი გააკეთა ოქროს მედლის მფლობელმა ლაშა ტალახაძემაც, რომელიც ამიერიდან ახალგაზრდულ პირველობებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და სრულფასოვან შეჯიბრებებში ჩაერთვება.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთ წარმატებას მივაღწიე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს, რადგან გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დავიკავეთ, რაც ძალიან კარგი შედეგია. ჩემს ასპარეზობას რაც შეეხება, უნდა ვთქვა, რომ სირთულეებთან არ ყოფილა დაკავშირებული მედლის მოპოვება", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

 

კომენტარები