პოლიციის შესახებ კანონი

საიას შეფასებით, კანონპროექტი შსს-ს პოლიტიკურ ნეიტრალობას არ უზრუნველყოფს

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ "პოლიციის შესახებ" კანონპროექტით შინაგან საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეებისა და სხვა მაღალჩინოსნების პოლიტიკური ნეიტრალობა უზრუნველყოფილი არ არის.

საიამ "პოლიციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები დღეს, 30 სექტემბერს გამოაქვეყნა.

საიას შეფასებით, კანონპროექტით, პოლიციის დეპოლიტიზაციის მისაღწევად სიახლე არ არის შემოთავაზებული და საერთოდ არ ახდენს ისეთი წინადადების რეალიზაციას, როგორიცაა პოლიციისა და სამინისტროს ურთერთდამოკიდებულების განსაზღვრა, შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილების შეზღუდვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებიდან უშიშროების სამსახურის გამოყოფა. ასევე არ არის უზრუნველყოფილი მინისტრის, მისი მოადგილეებისა და სხვა მაღალჩინოსნების პოლიტიკური ნეიტრალობაც.

საია წერს, რომ კანონპროექტის მიხედვით, "ვარაუდისთვის საკმარისი საფუძველის" არსებობის მოტივით, პოლიციელს პირის ზედაპირული შემოწმების, იდენტიფიკაციის, გამოკითხვის უფლება აქვს. საიას შეფასებით, მნიშვნელოვანია, სწორად მოხდეს აღნიშნული ტერმინის განმარტება, რადგან კანონპროექტით წარმოდგენილი რედაქცია არ არის ცხადი და გაუმჯობესებას საჭიროებს.

დღეს წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, კანონპროექტის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით ჩამოთვლილია ის სპეციალური საშუალებები, რომელიც პირს მოკლე დროით წინააღმდეგობის გაწევის უნარს უსპობს. ეს საშუალებებია - ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ელექტროშოკი და სხვა. საიას იურისტები ამბობენ, რომ საჭიროა კანონპროექტში მოხდეს სპეციალური საშუალებების გრადაცია მათი საშიშროების მიხედვით, რათა არ გართულდეს პოლიციელების მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება.

კანონპროექტის 34-ე მუხლში, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ეხება, ჩამოთვლილია საფუძვლები, რომელიც პოლიციელს სროლის უფლებას აძლევს. საია ყურადღებას "სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების" იმწუთიერ საფრთხეზე ამახვილებს.

"მნიშვნელოვანია დაზუსტდეს, რომ "ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა შესაძლოა შემთხვევათა ძალიან ფართო სპექტრს მოიცავდეს, რის გამოც სჯობს მისი დავიწროება იარაღის გამოყენების წინაპირობად მიჩნევისთვის და მხოლოდ "ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების" საფრთხეზე მითითების გაკეთება", - აღნიშნულია ორგანიზაციის წერილში. საია კანონპროექტში პოლიციელების მიერ დაზარალებულლი პირის ოჯახისთვის ინფორმაციის მოწოდების მუხლის დამატებასაც ითხოვს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა აცოციაცია დისკრიმინაციის დაუშვებლობის პუნქტში სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, მოქალაქეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების დამატებასაც ითხოვს. დასკვნაში ყურადღება პირის იდენტიფიკაციის, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების, პოლიციის ძალით გამოსახლების, გენერალური ინსპექციის უფლებამოსილებისა და პოლიციელის შრომის უფლებებზეც არის გამახვილებული.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "პოლიციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნები პარლამენტს 26 სექტემბერს წარუდგინა.

კომენტარები