პოლიციის შესახებ კანონი

თაქთაქიშვილი: პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლება მარტივდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, "პოლიციის შესახებ" კანონში შესატანი რამდენიმე ცვლილება შემაშფოთებელია. როგორც დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტი ახალი კანონის მე-2 და მე-3 მოსმენით მიღებას მიმდინარე კვირაში გეგმავს. თაქთაქიშვილი აღნიშნავს, რომ არ შემდგარა კანონპროექტის საჯარო განხილვა, რომელშიც მონაწილეობას საზოგადოების წევრები, არასამთავრობო სექტორი და პოლიციელები მიიღებდნენ. 

"კანონპროექტი პირდაპირ აკანონებს შევარდნაძის დროინდელი მილიციისთვის დამახასიათებელ რეიდებს, რომელსაც სპეციალური ტერმინი "სპეციალურ-პოლიციური კონტროლი" დაერქმევა. ასევე კანონდება პოლიციელის მიერ დაუზუსტებული მოტივით მოქალაქეებისთვის დაკავება/შეჩერება, პირადი და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ნივთების ჩხრეკა. პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ მიმართა პარლამენტს ინიციატივით, რომ მთლიანად გაუქმებულიყო პოლიციის მიერ ადამიანის თავისუფალი გადაადგილებისა და პირადი ხელშეუხებლობის შეზღუდვის უფლება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და შესაბამისი დამცავი გარანტიების გვერდის ავლით, თუმცა ხელისუფლებამ მხარი ამ მიდგომას არ დაუჭირა", - განაცხადა თაქთაქიშვილმა და აღნიშნა, რომ კანონი პოლიციის თანამშრომელთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებსაც აუარესებს. კერძოდ, დეპუტატის განმარტებით, პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლება მარტივდება.

"გათავისუფლების საფუძვლებს ემატება აქამდე არარსებული მოტივები - "საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები" და "სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაცია". დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არც ერთი საჯარო მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს ამ მოტივით სამსახურიდან. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ კანონის მიღებისთანავე, პოლიციელებს მასობრივად გაათავისუფლებენ. "პოლიციის შესახებ" ახალი კანონით აღარ იქნება სავალდებულო პოლიციაში დასასაქმებლად კონკურსისა და პოლიციის აკადემიის სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო კურსის გავლა; კანონპროექტით ასევე მცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშვალდებულებითი მოვალეობები ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობისა და მიზნობრიობის ნაწილში. შინაგან საქმეთა სამინისტროში შიდა აუდიტის სამსახურის შექმნა 2014 წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად 2016 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება", - აცხადებს თაქთაქიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, შეაჩეროს კანონის დაჩქარებული წესით განხილვა, ჩაატაროს შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით და არ დააბრუნოს ქართული პოლიცია შევარდნაძისეული რეიდების ეპოქაში.

კომენტარები