ოკუპირებული ტერიტორიები

ფანჯიკიძე: ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს უნდა დაელოდოს

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზეც განიხილეს, თუმცა, ფანჯიკიძის თქმით, ქართული მხარე ამ შეხვედრიდან შედეგს არ ელოდა.

"მათ არ აქვთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მანდატი. ერთ თვეში გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი და ქართული მხარე ამ რაუნდს უნდა დაელოდოს. ამ ერთი თვის განმავლობაში, ქართულმა მხარემ ძალიან დიდი ძალისხმევა გაწია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებული ტერიტორიების საკითხისადმი ყურადღება მიეპყრო. მომავალი ერთი თვის განმავლობაში, ვიდრე ჟენევის დისკუსიები გაიმართება, ჩვენ ასევე ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, სადაც მთავარი თემა იქნება სწორედ ეს საკითხი. თუ ჟენევის მოლაპარაკებები ისევ არ გვაჩვენებს რაიმე პროგრესს, ისევ იქნება გაყინული ერთ ადგილზე, რასაკვირველია, მთავრობა ფიქრობს ალტერნატიული გზების პოვნას. ამ წუთში, კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი ამ მიმართულებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ უფრო მეტის თქმას შევძლებ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს - ხომ არ გამორიცხავს მაღალი დონის შეხვედრებს რუსეთის წარმომადგენლებთან ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაზე, რაზეც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ საერთოდ არაფერს არ გამორიცხავს, "რაც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის". 

კომენტარები