აღმოსავლეთ პარტნიორობა

ევროკავშირი მოლდოვურ ღვინოს საკუთარ ბაზარს უხსნის

argophilia.com

ევროკავშირი მოლდოვურ ღვინოს საკუთარ ბაზარს გაუხსნის. ევროკომისიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ამის შესახებ ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში დაჩიან ჩოლოშმა განაცხადა.

"ევროკავშირის ბაზარი მდგრადი, ალტერნატიული და სიცოცხლისუნარიანი სტაბილურობის პოლუსია მოლდოვური ღვინის წარმოებისათვის. ევროკავშირის ბაზრის სრული გახსნა მოლდოვური ღვინისთვის იმ დროს, როდესაც მოლდოველი ფერმერები სიძნელეებს განიცდიან, იმის მანიშნებელია, რომ ევროკავშირი, წარმატებული  ეკონომიკური ინტეგრაციის გარდა, სოლიდარობის სივრცესაც წარმოადგენს", - განაცხადა ევროკომისარმა.

11 სექტემბერს რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა მოლდოვური ღვინის იმპორტი, მისი უხარისხობის საბაბით აკრძალა. კიშინიოვი ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ ზეწოლას ხედავს კრემლის მხრიდან, რომელსაც მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის ჩაშლა სურს.    

მოლდოვამ ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე ბრიუსელთან მოლაპარაკებები ივნისში დაასრულა. დოკუმენტის პარაფირება ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე იგეგმება.  

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, შეთანხმებით გათვალისწინებული ბაზრის ლიბერალიზაცია მოლდოვური ღვინოების მიმართ ხელშეკრულების ამოქმედებამდე მოხდება. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ. 

 

 

კომენტარები