NDI-ის კვლევა

NDI: მინისტრებს შორის ყველაზე რეიტინგული ირაკლი ალასანიაა

facebook.com/alasaniairakli

NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მინისტრებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას აქვს.

კვლევის მიხედვით, ირაკლი ალასანიას საქმიანობას სექტემბრის მონაცემებით გამოკითხულთა 11% აფასებს ძალიან კარგად, 38% კარგად, 37% საშუალოდ, 4% ცუდად, 7%-ს არაფერი სმენია, ხოლო 4%-ს მის შესახებ არაფერი სმენია. გამოკითხვაში 0%-ია მათი წილი, ვინც ალასანიას საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს. მსგავსი გამოკითხვის მიხედვით, ივნისში თავდაცვის მინისტრის საქმიანობას გამოკითხულთა 9% აფასებდა ძალიან კარგად, 34% კი - კარგად.

NDI-ის რეიტინგში შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მეორე ადგილი უკავია. მის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 9%, კარგად - 34%, საშუალოდ - 39%, ცუდად - 5%, ძალიან ცუდად - 1%, არ იცის 7%-მა, ხოლო 4%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 10%, კარგად - 33%, საშუალოდ - 36%, ცუდად 6%.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის საქმიანობას NDI-ის მიერ გამოკითხულთა 6% აფასებს ძალიან კარგად, კარგად - 24%, საშუალოდ 42%. დაახლოებით მსგავსი მაჩვენებელი აქვს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს, ასევე დავით სერგეენკოს, სოზარ სუბარს.

გამოკითხულთა შორის მხოლოდ 13-15%-ს მოსწონს განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის, რეინტეგრაციის მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, ასევე ალექსი პეტრიაშვილის, გიორგი დარახველიძისა და ხათუნა გოგალაძის საქმიანობა. დაახლოებით 30%-35%-ს შორის მერყეობს იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც აღნიშნული მინისტრების საქმიანობას არ იცნობენ.

საზოგადოებრივი განწყობების კვლევის ბოლო ტალღა NDI-ის დაკვეთით საქართველოს ქართულენოვან მოსახლეობაში 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა CRRC-მ. წარმომადგენლობითი შერჩევით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ გამოიკითხა 3,838 პირი. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.

კომენტარები