ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან

პრემიერი: დიცსა და დვანში რაც ხდება, ნაციონალების მემკვიდრეობაა

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენები ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მემკვიდრეობით ერგო. როგორც პრემიერმა დღეს ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა ირწმუნება, რომ ხელისუფლებამ რუსეთთან რიტორიკა შეარბილა.

"ეს არასწორია. კარგი იქნებოდა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ქალბატონი ელენე ხოშტარია მოსულიყო. მან თქვა - ამ კაცმა არ იცის, რუსეთს როგორ ელაპარაკოსო. ის ხალხი რომ ამას მეუბნება, ვინც პირწმინდად გააფუჭა ყველაფერი, მიუღებელია. რაც მოხდა და რა მდგომარეობაშიც ვართ, ამას ჩვენს რიტორიკას მიაწერენ. საზოგადოება ასეთი დებილი ხომ არ არის?! ნაციონალებმა დაამტვრიეს, დაანგრიეს ყველაფერი, მათ გასცეს ტერიტორიები, ეს მივიღეთ მათგან, რაც ხდება ამ სოფლებში და მე მასწავლიან, როგორი რიტორიკა უნდა მქონდეს?! აბსოლუტური ფიასკო მივიღეთ, მათ გარეშე ეს ვერ მოხდებოდა", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას განცხადება, რომ პრემიერს ოპონენტების ეშინია - სიმართლეს არ შეესაბამება.

"ღმერთმა დამიფაროს. ჩემს შვილებს იმას ვასწავლი, რომ ოპონენტი უყვარდეს უფრო. ის, ვინც გაკრიტიკებს და სწორ გზას გაჩვენებს, სადღეგრძელოს მთქმელი ყველგან გამოჩნდება- მეთქი და თუ ცუდად ხარ, შეიძლება დასაფლავებაზე არ მოვიდნენ", - ამბობს პრემიერი.

მას რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ უპასუხა და უთხრა, რომ ელენე ხოშტარიას შეხვედრაზე მისვლა სურდა, მაგრამ მიწვევა არ მისვლია. კაპანაძემ ასევე განუმარტა, რომ მისმა ორგანიზაციამ დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე 50-პუნქტიანი რეკომენდაცია გასცა. პრემიერმა კაპანაძეს უთხრა, რომ დოკუმენტს განიხილავს, თუმცა, შესაძლოა, არცერთი რეკომენდაცია არ გამოდგეს. 

კომენტარები