ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილმა მოსამართლეს ჭიაბერაშვილისთვის ბრალის მოხსნა სთხოვა

ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ მისი მოსამართლე ზეწოლის ფონზე სამართლიან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის ბრალის მოხსნა სთხოვა. 

"მე პესიმისტურად ვარ განწყობილი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიმართ. ჩემს ყურებს მაინცდამაინც არ სიამოვნებს ტერმინი - მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. სერიოზული გარღვევაა ბიუჯეტში. ხუთას მილიონს ვერ მიიღებს ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში. ხელისუფლება ვერ ასრულებს დაპირებას. მალე, ხელფასების და პენსიების გაცემა პრობლემური გახდება. ხელისუფლებას ახლა რეპრესიების განხორციელებაღა დარჩენია. ყველამ ვიცით, რა ხდება პირველ არხზე, იმედზე. ჩემი ყველა ნათესავი ან სამსახურიდან გაუშვეს, ან მათზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ბატონო მოსამართლევ, მე მეეჭვება, ამდენი ზეწოლის ფონზე, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოთ. მაგრამ, იქნებ ჭიაბერაშვილს მოუხსნათ ბრალდება?!", - განაცხადა მერაბიშვილმა.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს. დაცვის მხარემ მერაბიშვილის მიმართ პატიმრობის, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართ - გირაოს გაუქმება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

კომენტარები