ოკუპირებული ტერიტორიები

ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი, შესაძლოა, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცეს

რუსი ოკუპანტები ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს აგრძელებენ. რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმის ინფორმაციით, ისინი საბჭოთა ადმინისტრაციულ საზღვრებს მიჰყვებიან და მავთულხლართებს სწორედ იქ ავლებენ, სადაც ადრე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდა. გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საოკუპაციო ხაზს მიღმა ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი მოექცევა. გადაკვეთა სოფელ ყარაფილაზე ხდება. აღნიშნული ინფორმაცია გუშინ ტელეკომპანია ტაბულას ეთერში, გადაცემა ფოკუსში გავრცელდა.

ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილის სიგრძე, რომელიც, გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცევა, დაახლოებით 1600 მეტრია.[რუკაზე წერტილებით ბაქო-სუფსის მილსადენია აღნიშნული].

ტაბულა დაუკავშირდა BP-ს, რომელიც ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირებას ეწევა. კომპანია კომენტარის გაკეთებას დღის მეორე ნახევარში დაგვპირდა. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბრიტანეთის საელჩომ კომენტარისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ BP-ს რეგიონში კარგი გამოცდილება აქვს და ამ საკითხთან მიმართებაში მათ ენდობიან.

ტაბულა ვერ უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას თქმით კი, მილსადენის საოკუპაციო ხაზს მიღმა მოქცევის შესახებ არაფერი სმენია.

მილსადენის ნაწილის ე.წ. საზღვრის მიღმა მოქცევა გადაცემა ფოკუსში ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ რეგიონულ და სტრატეგიულ პრობლემად შეაფასა.

"ეს არის რეგიონული და სტრატეგიული პრობლემა, როდესაც ტრანზიტული მილსადენი, რომელსაც გადააქვს ნავთობი კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში და შემდეგ ეს მიდის ევროპაში. ეს არის BP-ს მფლობელობაში. ეს მილსადენი დიდი ალბათობით, იმ დეკლარირებული გეგმით, რაც მათ აქვთ, მოხვდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც, ბუნებრივია, იწვევს სერიოზულ რეგიონულ პრობლემებს და ასევე არის გარკვეული გამოწვევა საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც", - თქვა ხოშტარიამ.

კომენტარები