ვანო მერაბიშვილის საქმე

გუნარ ჰოკმარკი: მერაბიშვილთან შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო

ევროპარლამენტარ გუნარ ჰოკმარკის განცხადებით, მისთვის რთული გასაგებია - რატომ არის დაკავებული ვანო მერაბიშვილი. როგორც ჰოკმარკმა სასჯელაღსრულების #9 დაწესებულების დატოვების შემდეგ აღნიშნა, ყოფილ პრემიერთან შეხვედრა ევროპარლამენტარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"შევეცადეთ გაგვეგო ის ლოგიკა, თუ რატომ არის მერაბიშვილი დაკავებული. ჩვენთვის ეს ძალიან რთული გასაგებია, რადგან მისი დაკავება უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მერაბიშვილი დროულად წარდგეს სასამართლოს წინაშე. ასე უნდა იყოს ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც არის კანონის უზენაესობა. ეს არ არის საქართველოსთვის კარგი და მიზანშეწონილი, რადგან ქვეყანას სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. თვითონ ის ფაქტიც, რომ 4500 მოწმე არის დასაკითხი, საკმაოდ უცნაურია. ვურჩევ საქართველოს მთავრობას, რომ გამოასწოროს ეს სიტუაცია", - განაცხადა ჰოკმარკმა და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ შეთანხმება არ არის.

"ეს არის გარკვეულწილად ვალდებულებებიც. ეს ქვეყანას ავალდებულებს - ჰქონდეს უფრო მაღალი სტანდარტი. არ არის სერიოზული, როდესაც ადამიანი ამდენ ხანს არის წინასწარ პატიმრობაში და მისი სასამართლოს წინაშე წარდგენა ყოვნდება. მე ამ ყველაფერს ვამბობ, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობარი", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში დღეს ვანო მერაბიშვილი მოინახულეს ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის წარმომადგენლებმა - გუნარ ჰოკმარკმა, კრჟიშტოფ ლისეკმა, ლაიმა ანდრიკიენემ, ტრაიან უნგურეანუმ და ინესე ვაიდერემ.

კომენტარები