გირგვლიანის საქმე

გირგვლიანის საქმეში ბრალდებული ჩხიტუნიძე ათენის ციხიდან გაათავისუფლეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსი დავით ჩხიტუნიძე ათენის საექსტრადიციო ციხიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჩხიტუნიძის ადვოკატმა ვახტანგ თალაკვაძემ განაცხადა.  

ადვოკატის თქმით, ათენის ციხეში ცემის შემდეგ, ჩხიტუნიძეს სარეაბილიტაციოდ დრო სჭირდება, რის შემდეგაც ის საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. "ვესაუბრე ჩხიტუნიძეს. გადაწყვეტილი აქვს ჩამოსვლა. თუმცა, სჭირდება სარეაბილიტაციო პერიოდი, როგორია, 30 კაცი რომ შემოგივარდება კამერაში და გცემს. რთულია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ან ხვალ, თუმცა დაბრუნდება და წარდგენილ ბრალდებას გასცემს პასუხს", - განაცხადა ადვოკატმა.

თალაკვაძის განმარტებით, ათენის ციხიდან ჩხიტუნიძე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ადვოკატებმა სასამართლოს მიაწოდეს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ ჩხიტუნიძის დიპლომატიურ პასპორტს ვადა გასული არ ჰქონია. თალაკვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ დავით ჩხიტუნიძე ინტერპოლით ძებნილი არ ყოფილა და სიმართლეს არ შეესაბამება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლმა დააკავა. 

"ინტერპოლში თვეების განმავლობაში განიხილავენ შესული მასალების მიხედვით, უნდა მოხდეს თუ არა ამა თუ იმ პირის ძებნილად გამოცხადება. ჩხიტუნიძე ინტერპოლით ძებნილი არ ყოფილა", - განაცხადა თალაკვაძემ.

ჩხიტუნიძე ათენში, თურქეთში გამგზავრების მცდელობისას დააკავეს. საქართველოს შსს-მ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "ინტერპოლით ძებნილი ბრალდებული საბერძნეთის სამართალდამცველებმა ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს". დავით ჩხიტუნიძეს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექტორის ყოფილ მოადგილეს, დავით ჩხიტუნიძეს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ციხეში პრივილეგირებულად ყოფნის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. 

კომენტარები