გირგვლიანის საქმე

ზურაბიშვილი: ბოლო სერიაში, ალბათ, გვეტყვიან, რომ შავგულიძემ სტრასბურგში საქმე წააგო

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ეხმაურება იმ ბრალდებებს, რაც ბოლო დროს შალვა შავგულიძის მიმართ გაჩნდა.

კერძოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნების დეპუტატები და ახლა უკვე ქართული ოცნების პიარის ხელმძღვანელი და ყოფილი მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი ერთხმად იმეორებენ მოსამართლე ლევან მურუსიძის არგუმენტს, რომ შავგულიძემ საქალაქო სასამართლოს სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებით, მურუსიძეს "ხელ-ფეხი შეუკრა". 

"ბოლო სერიაში, ალბათ, გვეტყვიან, რომ ნაცების სიცრუის მანქანამ გაგვაბრიყვა, თორემ რეალურად შალვა შავგულიძემ კი არ მოიგო სტრასბურგში გირგვლიანის საქმე, არამედ წააგო. თან სპეციალურად,"- წერს ზურაბიშვილი Facebook-ზე. 

შალვა შავგულიძემ, რომელმაც გირგვლიანის საქმეზე პროცესი საქართველოს სახელმწიფოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოუგო, არაერთხელ ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც მან გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს ნაცვლად, პირდაპირ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 

შავგულიძე განმარტავს, რომ მაშინდელი კანონმდებლობის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მუხლის გადაკვალიფიცირება არ შეეძლო და ერთადერთი, რისი მიღწევაც ამ ინსტანციით იყო შესაძლებელი, იმავე მუხლის ფარგლებში სასჯელის გაზრდა იყო. 

ამავდროულად, თუკი შავგულიძე გირგვლიანის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებდა, არსებობდა რისკი, რომ საქმის განხილვა მეორე ინსტანციაში დასრულებულიყო, რის შედეგადაც შეუძლებელი იქნებოდა საქმის უზენაეს სასამართლოში წაღება, რაც უფრო შედეგიანი იყო. ხოლო, თუკი საქმე უზენაეს სასამართლოს არ გაივლიდა, მაშინ სტრასბურგი ამ საქმეს არ მიიღებდა იმ არგუმენტით, რომ დაცვის მხარეს სახელმწიფოში არსებული ყველა ინსტანცია არ ჰქონდა გავლილი. 

შალვა შავგულიძის მიმართ ეს ბრალდებები აქტუალური იმ ფონზე გახდა, რომ ის 19 მაისს დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში საარჩევნო ბლოკის "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

კომენტარები