ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა მიქაელ აასტრუპ იენსენმა და ბორის ცილევიჩმა ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან რუსი მესაზღვრეების მიერ ღობეებისა და სხვა ფიზიკური დაბრკოლებების აღმართვის გამო შეშფოთება გამოთქვეს. მათ ევროსაბჭოს სააპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელეს.
განცხადებაში წერია, რომ მიქაელ აასტრუპ იენსენი და ბორის ცილევიჩი განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ რამდენიმე ადგილას ბარიერები აგებული საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეშია - ამგვარად ხდება დე ფაქტო საზღვრის გადატანა.
"ეს ღობეები და დაბრკოლებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევენ და სასაზღვრო ზონაში მცხოვრებთა საცხოვრებელი პირობებისთვის ზიანის მომტანია, არ აქვს მნიშვნელობა, საზღვრის რომელ მხარეს ცხოვრობენ ისინი. მოვუწოდებთ რუსეთს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, შეაჩერონ ასეთი ტიპის საზღვრების მშენებლობა და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მცხოვრებ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცენ", - ამბობენ თანამომხსენებლები განცხადებაში.





