27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ცესკო: კომისიები დაკომპლექტდა კანონით დადგენილი ვადებისა და წესების დაცვით

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციას კონკრეტული ფაქტები მიაწოდონ და საკითხის პოლიტიზებას ნუ მოახდენენ. ცესკოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომისიები დაკომპლექტდა კანონით დადგენილი ვადებისა და წესების დაცვით, მათ შორის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე და დასრულდა 11 სექტემბერს.

"საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა არის გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო კომისიების დაკომპლექტების პროცესზე დაკვირვება. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგულარულ შეხვედრებს მართავს პოლიტიკურ პარტიებთან, სხვა ჩართულ მხარეებთან და არც ერთ მხარეს ამ დრომდე არ გამოუთქვამს შენიშვნა კომისიების დაკომპლექტების პროცესის ხარვეზებით მიმდინარეობის შესახებ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, აქტიურად ითანამშრომლონ საარჩევნო ადმინისტრაციასთან, მიაწოდონ კონკრეტული ფაქტები და ნუ მოახდენენ საკითხის პოლიტიზებას", - აცხადებს ცესკო. 

ცნობისთვის, გუშინ ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართა და საარჩევნო ადმინისტრაციების უბნის დონეზე ფორმირების პროცესით დაინტერესება სთხოვა. ერთობლივი განცხადება ახალმა მემარჯვენეებმა, დემოკრატიულმა მოძრაობამ, თავისუფალმა საქართველომ, ქართულმა დასმა და ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ გაავრცელეს. პარტიები მიიჩნევენ, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარე ვერ აკონტროლებს ქვედა დონის კომისიებში მიმდინარე პარტიული ზეგავლენის მექანიზმებს. განცხადების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობები პირდაპირ ერევიან საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში.

კომენტარები