ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი

მარგველაშვილი დიცის მოვლენებზე: იქ მცირე დაძაბულობის შეტანის მცდელობაა

facebook.com/mes.gov.ge

"იქ შესაძლოა რაღაც მცირე  დაძაბულობის შეტანის მცდელობა არის, მაგრამ ამ დროს რა რეაქცია გვაქვს ჩვენ: ისევ ვუბრუნდებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ევროპაში და აშშ-ში და აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ რეალურად რუსეთი ამ თემის მიმართ არის იზოლირებული", - ასე აფასებს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი სოფელ დიცში განვითარებულ მოვლენებს ტელეკომპანია იმედის გადაცემა ღია ეთერში.

კითხვაზე, თუ რისი სიგნალია მთავრობისთვის რუსეთის მსგავსი მოქმედებები ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრის წინ, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს, რომ ეს გარკვეულწილად სიტუაციის დაძაბვის მცდელობაა, მაგრამ მნიშვნელოვანი მთლიანი კონტექსტის დანახვაა და რუსეთი ამ საკითხში "უაღრესად მარტოა":

"ეს არის სიტუაციის გარკვეულწილად დაძაბვის მცდელობა. მაგრამ ნახეთ, რა პოზიცია გვაქვს ჩვენ: ჩვენ რეალურად ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ მხარს გვიჭერს, როგორც აფხაზეთზე, ასევე ცხინვალთან მიმართებაში, მთელი მსოფლიო. იქ შესაძლოა რაღაც მცირე დაძაბულობის შეტანის მცდელობა არის, მაგრამ ამ დროს რა რეაქცია გვაქვს ჩვენ: ისევ ვუბრუნდებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ევროპაში და აშშ-ში და აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ რეალურად რუსეთი ამ თემის მიმართ არის იზოლირებული. კარასინის განცხადება და ის, რაც ხდებოდა დიცში, უაღრესად მტკივნეულია საქართველოს მოქალაქეებისთვის და მთავრობისთვის. მაგრამ მთავარია, დავინახოთ მთელი კონტექსტი: ის მარტოა ამ ნაბიჯებში. რუსეთი ასეთ ქმედებებში არის უაღრესად მარტო. რამდენჯერაც რუსეთი ასეთ ქმედებებს აკეთებს, ის ჩანს, როგორც გარკვეულწილად არაცივილიზებული მოთამაშე მსოფლიო არენაზე და ჩვენ ამას მუდმივად ვუსვამთ ხაზს. ეს არაღიარების პოლიტიკა, რომელიც უაღრესად გასაღრმავებელია, სწორედ ამის გაშლაა. ეხლა კონკრეტულად მოლაპარაკებების წინა რაღაცა ხდება, გასაგებია, ეს არ არის მთლად კარგი მესიჯი", - ამბობს ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი.

კომენტარები