ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი

მარგველაშვილი: არ მეგონა, ერთ წელიწადში თუ ამდენს შევძლებდით

ტაბულა

იმედზე, ვახო სანაიას გადაცემაში ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დაპირებებისა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის შრომის კოდექსის ცვლილებასა და უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვას ეკონომიკურ პრობლემებთან ვერ აკავშირებს. 

"დაპირებები, რომლებიც გაიცემა არჩევნებზე, იგულისხმება, რომ ეს დაპირებები შესრულდება იმ პერიოდში, როდესაც გუნდი ხელისუფლებაშია. ახლა გასულია ერთი წელი და მე არ მეგონა თუ ჩვენ ამდენს შევძლებდით. იმიტომ, რომ 710 000 ფერმერის ნაკვეთია დამუშავებული, მათ მიცემული აქვთ ვაუჩერები, ყველა მოქალაქე საქართველოში დაზღვეულია, პენსიების ზრდა, ის, რაც არის გაკეთებული თუნდაც ჩემს უწყებაში - უფასო ფაკულტეტები, უფასო პროფესიული სასწავლებლები, უფასო ბაღები, უფასო სახელმძღვანელოები - ამის მოლოდინი ერთ წელიწადში იყო?

ეკონომიკა გახსოვთ როგორ მუშაობდა?  ეკონომიკას ჰყავდა სამი მინისტრი, ეს იყო ეკონომიკის მინისტრი, ეს იყო იუსტიციის მინისტრი და ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. მე არ ვიცი, რას აკეთებდა ეკონომიკის მინისტრი, მაგრამ ვიცი, რას აკეთებდა იუსტიციის მინისტრი და რას აკეთებდა შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს ვითარება ჩვენ შევცვალეთ, ჩვენგან არავინ არ მიდის ბანკში, ჩვენი იუსტიციის მინისტრი არავის არ ეუბნება - ესე მოიქეცი. ამ ვითარებაში ბიზნესი არის თავშეკავებული. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ პოლიტიკური ტრანზიცია ჯერ ბოლომდე არ მომხდარა. ჩვენი ვერსიით, ბიზნესი ელოდება საპრეზიდენტო არჩევნებს. ელოდებიან იმას, რომ სიტუაცია ბოლომდე დასტაბილურდება და ამ ვითარებაში განხორციელდება ფულის რეინვესტირება. მე ვერც შრომის კოდექსის ცვლილებას და ვერც უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვას ვერ მივაბამდი ეკონომიკურ პრობლემებთან", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

კომენტარები