ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი

მარგველაშვილი საბაჟო კავშირზე: ასე აკეთებს ევროპაც, როდესაც ვაჭრობს რუსეთთან

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

"ნებისმიერი შემოთავაზება ჯერ უნდა შეისწავლო, სანამ ეტყვი უარს. ასე აკეთებენ დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკოსები. ასე აკეთებს ევროპაც, როდესაც ვაჭრობს რუსეთთან", - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი პრემიერის განცხადებას ევრაზიული კავშირით საქართველოს შესაძლო დაინტერესების თაობაზე ტელეკომპანია იმედის გადაცემა ღია ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აბნევთ საქართველოს პარტნიორებს მსგავსი განცხადებები, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს, რომ პირიქით, ბიძინა ივანიშვილს ამ გზით "სანტერესო კონტექსტი შემოაქვს ამ ყველაფერში":

"ჩვენი დასავლელი პარტნიორები ასეთი განცხადებების ფონზე ნათლად ხედავენ, რომ საქართველო მოქმედებს თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე. რა რიტორიკას იყვნენ ისინი შეჩვეულები მანამდე? რომ საქართველოს ინტერესები აბსოლუტურად არ განიხილებოდა, მთავარი იყო ის, რომ დასავლეთისთვის დაგეკრა ტაში და გამოგეხატა ეს ყველაფერი რუსეთის ლანძღვის ფონზე. ძალიან საინტერესო კონტექსტი შეიტანა ბიძინა ივანიშვილმა ამ ყველაფერში. მან თქვა, რომ ჩემთვის ამოსავალი თავისთავად რაღაც კი არ არის, ამოსავალია საქართველოს ინტერესები. თუ საქართველოს ინტერესებისთვის მისაღებია, ის ჩემთვისაც მისაღებია".

მარგველაშვილისვე თქმით, საბაჟო კავშირში გაწევრიანება გამორიცხავს საქართველოს ინტეგრაციას ევროპასთან, თუმცა მიზანშეწონილი არ არის პირდაპირ იმის თქმა, რომ ეს პერსპექტივა საქართველოს არ აინტერესებს:

"ერთი - რუსეთთან ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში. მეორე - ევროპაში ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გვაძლევს ძალიან საინტერესო ახალ ბაზარს. მესამე - ევრაზიული საბაჟო კავშირი დეკლარირებულია, რომ უნდა გადაიზარდოს ევრაზიულ კავშირში და საბაჟო კავშირი გამორიცხავს ჩვენს იტეგრაციას ევროპაში. შესაბამისად, როდესაც არა პირდაპირ ვყვირივართ, რომ საბაჟო კავშირი არ გვინდა, არამედ როდესაც ვაფასებთ და ვუყურებთ, ჩვენ ვხედავთ, რომ აქ, ევროპაში, ბევრად დიდი პოტენციალია, ვიდრე ევრაზიულ საბაჟო კავშრიში. მაგრამ ამას ისე კი არ ვამბობთ, რომ არაფერი არ გვაინტერესებს, პირდაპირ ახალგაზრდა პიონერებივით.

არავის არ უთქვამს, რომ რომელიმე კავშირში შედის. პრემიერმა თქვა, რომ მე ამას ვსწავლობ. შეხედეთ, რა გარემოში ხართ, რას ხართ შეჩვეულები - რომ ადამიანმა ვერ გაბედოს და თქვას, რომ მე რაღაცას ვსწავლობ, რაღაცაზე ვფიქრობ, რაღაცას ვაანალიზებ. რა თქვა მან? თქვა, რომ მე ამას ვსწავლობ და ამაზეა კრიტიკა, რა ცხრაწლიანი წარსულიდან მოვდივართ, როდესაც ადამიანი იტყვის, რომ ის რაღაცაზე ფიქრობს, ეს უკვე დანაშაულია", - ამბობს საპრეზიდენტო კანდიდატი.

მისივე თქმით, თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეების მთავარი უფლება სწორედ ფიქრია, პოლიტიკოსებს კი უფლება აქვთ, შეისწავლონ ესა თუ ის საკითხი:

"ჩვენ ვართ თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა მთავარი უფლება სწორედ რომ ფიქრია და პოლიტიკოსების მთავარი უფლებაა, რომ შეისწავლონ საკითხი და არა ლოზუნგებით ილაპარაკონ. ლოზუნგებით, რომელმაც, საბოლოოდ, იქამდე მიიყვანა ქვეყანა, რომ 2008 წელს აქ შემოვიდა ძალიან აქტიურად რუსეთის გავლენა. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის ლაპარაკობს ძალიან ღიად და გასაგებად - ნებისმიეირი შემოთავაზება ჯერ უნდა შეისწავლო, სანამ ეტყვი უარს. ასე აკეთებენ დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკოსები. ასე აკეთებს ევროპაც, როდესაც ვაჭრობს რუსეთთან. როდესაც პრემიერი არ სწავლობს საკითხს, არამედ მზად არის, უპასუხოს შეუსწავლელად, ეს ქვეყანა არის ლოზუნგების ქვეყანა, რომელშიც 9 წელია ვცხოვრობთ და შევეჩვიეთ", - ამბობს მარგველაშვილი.

 

 

კომენტარები