ბაჩო ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაია: გამამტყუნებელი განაჩენი მე არაფერს დამაკლებს

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ბოლო ათი თვეა გრძელდება პროკურატურის მიერ დადგმული ტრაგიკომედია.

"მათ ძალა არ დაიშურეს, გამოიყენეს ყველა აკრძალული მეთოდი, მათ შორის, ადამიანების დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა, ჩვენებების ფალსიფიცირება, რათა საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ მე ვიყავი კრიმინალი. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა ეს ბრალდება საპნის ბუშტივით გასკდა, ვინაიდან ემყარებოდა ტყუილს და სიცრუეს. დღეს პროკურატურას შემორჩა ერთადერთი ბრალდება, სადაც ექვსი კრიმინალური ავტორიტეტი ბრალს მდებს მათთვის პრივილეგიების, ციხის მართვის სადავეების ჩამორთმევაში. ეს ის ადამიანები არიან, ვინც 2005 წლამდე მართავდნენ არამხოლოდ ციხეებს, არამედ მთელს ორგანიზებულ დანაშაულს ქვეყანაში. აქაც უსუსურ პროკურატურას არაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ კბილაშვილს პროკურორი გადაემალა და ამით როგორმე გაეხანგრძლივებინა ჩემი პატიმრობა. მე საქართველოში დავბრუნდი, რათა საზოგადოებაში არსებულ კითხვებისთვის გამეცა პასუხი. ერთი რამ ცხადია, პროკურატურას ჩემი პასუხების ეშინია. ეს საქმე არ არის ჩემ წინააღმდეგ, ეს არის კანონიერი ქურდების რევანშის მცდელობა სახელმწიფოს წინააღმდეგ. მინდა ხელისუფლებამ კარგად იცოდეს, აქ გამამტყუნებელი განაჩენი მე არაფერს დამაკლებს, მე მაინც თვალს გავუსწორებ თანამოქალაქეებს, რადგან წვლილი შევიტანე ორგანიზებული დანაშაულის განეიტრალებაში. მე ვწუხვარ, რომ ეს იქნება სახელმწიფოს მარცხი დანაშაულის წინაშე და შეიძლება ეს გახდეს შეუქცევადი პროცესი. ხელისუფლებამ კი ამ ყველაფრით დაადასტურა, რომ მოქმედებს არა ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ იმართება შურისძიების სურვილით და ბოღმით", - აცხადებს ახალაია.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ბაჩო ახალაიას საქმეზე პროკურორი შეცვალა. რევაზ ნადოი პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება. მის მოვალეობას კი პროკურორი ია დარჯანია შეასრულებს. ახალაიას ადვოკატის გოგა ონიანის მტკიცებით, პროკურორი რევაზ ნადოი ჯანმრთელად არის.

კომენტარები