კარასინი-აბაშიძის შეხვედრა

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს შეხვდა

Zurab Abashidze
Tabula

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე გუშინ, პრაღაში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდა. აბაშიძის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში მან საქართველოს მთავრობის სახელით ღრმა შეშფოთება გამოხატა ბოლო ხანს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და დრამატულად აისახება რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე.

"შეხვედრისას აღინიშნა, რომ არსებული ვითარების დეტალური განხილვა ნოემბრის დასაწყისში ჟენევის კონსულტაციების მორიგ შეხვედრაზე უნდა მოხდეს. საუბრის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა ჟენევის კონსულტაციების განსაკუთრებული მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ ამ ფორმატში ახლო მომავალში მიღწეული იქნება პოზიტიური შედეგები", - აღნიშნა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა იმსჯელეს ქართულ-რუსული ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციაზე. მათი შეფასებით, დიალოგის შედეგად 9 თვის განმავლობაში, შესაძლებელი გახდა სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა; ქართული პროდუქცია უბრუნდება რუსულ ბაზარს; გადაიდგა ნაბიჯები სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის პრობლემების მოსაგვარებლად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგულარული საავიაციო მიმოსვლის საკითხები - უახლოეს მომავალში მათი მოგვარების კონტექსტში.

ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების ფარგლებში, უკვე მეოთხედ შეხვდნენ. 

 

 

კომენტარები