დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს

wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. მან შეხვედრები გამართა სენატორ ჯონ მაკკეინთან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ერიკ რუბინთან, რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშთან და დემოკრატ სენატორ ჯინ შაჰინთან. ენმ-ის ინფორმაციით, შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე. დავით ბაქრაძემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევისა და საქართველოს მოქალაქეების რეგულარული გატაცების გამო და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების აუცილებლობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციას, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და ძალადობის ფაქტებს.

"ასევე შერჩევით სამართალსა და ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე უარყოფით ტენდენციებს და პრობლემებიდან გამოსავლების გზების განხილვას. დავით ბაქრაძესთან ერთობლივ ბრიფინგზე ერიკ რუბინმა ხაზი გაუსვა ყველა კანდიდატისთვის კამპანიის თანაბარ პირობებში წარმართვის აუცილებლობას. მისი თქმით, სამართლიანი არჩევნების და კანდიდატებს შორის თანაბარი პირობების არსებობა მისცემს საქართველოს საშუალებას გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დავით ბაქრაძე ასევე სიტყვით გამოვიდა დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმის ეგიდით აშშ კონგრესში გამართულ კონფერენციაზე. გამოსვლაში მან ყურადღება რეგიონში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევროპის კავშირთან დაახლოებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში რუსეთის ხელის შეშლის კამპანიაზე ისაუბრა. ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ევროპული ინტეგრაციის გზიდან არგადახვევის აუცილებლობაზე. ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ პანელზე, რომელსაც საერთაშორისო რესპუბლიკური პრეზიდენტი ლორნ კრეინერი უძღვებოდა, დავით ბაქრაძესთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ დამოუკიდებელი ლიტვის პირველი ლიდერი ვიტაუტას ლანდსბერგისი და ევროპარლამენტის წევრი მიხალ კამინსკი", - ამბობენ პარტიაში.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები კონგრესსა და სენატში. ამასთან, დავით ბაქრაძე სიტყვით გამოვა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოსა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე. 

კომენტარები