წინასაარჩევნო გარემო

ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვა და სხვა დარღვევები ISFED-ის ანგარიშში

ნინო ლომჯარია
რადიო "თავისუფლება"

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ დღეს ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოსა და იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომელიც თან ახლავს საარჩევნო პროცესებს.

სამართლიანი არჩევნების ანგარიში 20 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით მომხდარ დარღვევებს ასახავს.

"ჩვენი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ერთი და ზეწოლის 2 შემთხვევა. გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 3 ფაქტი. სამართლიანი არჩევნები სავარაუდო მოსყიდვად აფასებს პრემიერმინისტრის ოჯახის კუთვნილი სააგენტოს და მატერიალური ბაზის ინფო 9-ის მენეჯმენტისთვის უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა.

ანგარიშში მოხვდა თვითმმართველობებში მიმდინარე მოვლენები. საანგარიშო პერიოდში გამგებელი შეიცვალა 10 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა 7 გამგებელი, 1 დააკავეს, 2 კი საკრებულომ გადააყენა. სამართლიანი არჩევნების განცხადებით, ამ ცვლილებების უმრავლესობა ზეწოლისა და დაპირისპირების ფონზე განხორციელდა.

სამართლიანი არჩევნები არ ეთანხმება ცესკოსა და სასამართლოს უარს სალომე ზურაბიშვილისთვის კანდიდატად დარეგისტრირებაზე და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება კანონმდებლობის არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება.

სამართლიანი არჩევნები დადებითად აფასებს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებას, თუმცა, როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, გარკვეულ რეკომენდაციებზე კომისიას რეაგირება არ მოუხდენია.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათებში თავი შეიკავონ აგიტაციისგან, ხოლო თანამდებობის პირებს - არ დაუშვან სახელმწიფო უწყებებში მომუშავე პირთა იძულება, მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიებში. პრემიერმინისტრს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რაც შესაძლებლია ამომრჩევლის მოსყიდვად იქნეს აღქმული. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და სამეურვეო საბჭოს მივმართავთ, უზრუნველყონ ეთერში პოლიტიკური პლურალიზმი და პროცესების ობიექტური გაშუქება", - აცხადებს ნინო ლომჯარია.

კომენტარები