2008 წლის აგვისტოს ომი

ბოკერია: ივანიშვილი აგვისტოს ომის შესახებ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის ლატვიურ ტელეგრაფთან მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმაურება, რომელშიც ივანიშვილი აგვისტოს ომის დასაწყისის შესახებ საუბრობს. 

პრემიერმინისტრი ამბობს - "როგორ დაიწყო ყველაფერი - რაღაც გაუგებარი ბანდფორმირებები ისროდნენ სამი დღის განმავლობაში ქართული სოფლების მიმართულებით. არავინ ჯერ არ იყო მოკლული, მხოლოდ ერთ სახლში შევარდა ნამსხვრევი. მას მერე სამი დღე ტელევიზიით აჩვენებდნენ. აუცილებელი იყო ამ სოფლების მოსახლეობის ევაკუაცია, ევროპიდან დამკვირვებელთა გამოძახება - შესაძლოა, ამით ყველაფერი დამთავრებულიყო. მან კი რა გააკეთა? შეიყვანა ტანკები, ჰაერში ააფრინა თვითმფრინავები, რის შემდეგაც საქართველოში რუსეთის რეგულარული ნაწილები შემოვიდა. სააკაშვილს არ უნდა ეპასუხა". 

გიგა ბოკერიას თქმით, პრემიერმინისტრი საერთაშორისო თანამეგობრობაში მცდარ ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მოქალაქეებს ზიანი არ მიადგათ.

"ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერმინისტრს ან არ აწვდიან ინფორმაციას და ის საერთაშორისო თანამეგობრობაში აბსოლუტურად მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს მოქალაქეებს დიდი ზიანი არ მიადგათ. რეალურად კი, ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ აშკარა საფრთხეს ჰქონდა ადგილი. ყველამ, ვინც საქართველოში იყო, ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი სამშვიდობოები 7-ში დაიღუპნენ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ პოლიტიკური ოპონენტის მიმართ სიძულვილს ჩვენი ქვეყნის ინტერესები გადაყვა", - თქვა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

 

კომენტარები