მავთულხლართები

EUMM დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს, დიცის მოსახლეობას ყურადღება მიაქციონ

http://www.eumm.eu/

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გორის რაიონის სოფელ დიცში რუსი მოსაზღვრეების მიერ ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. რუსი სამხედროები მავთულხლართების მონტაჟს აგრძელებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი არ აპირებენ პოზიციების დათმობას და არ დაუშვებენ, მათი საცხოვრებელი სახლები ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცეს. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, რომ სოფელ დიცის მოსახლეობის შეშფოთებას ყურადღება მიაქციოს.

"დღეს შუადღეს სოფელ დიცის ადგილობრივმა მოსახლეობამ შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მავთულხლართების გაბმის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. მისია ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და ადგილობრივების შეშფოთებას ყურადღება მიაქციონ.

ცხელი ხაზის მეშვეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მაშინვე მოაწყო ტექნიკური ჯგუფისა და ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელთა შეხვედრა. შეხვედრები ახლაც მიმდინარეობს.

2013 წლის მაისის შემდეგ სოფელ დიცის მოსახლეობა მუდმივად ჩიოდა მავთულხლართების პერმანენტული გაბმის, თავისუფლების შეზღუდვის შედეგების, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებისა და წყლის ნაკლებობის გამო", - აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ევროკავშირის სადამკვირვებლო კომისიის ცნობით, ის ადგილზე მონიტორინგს გააგრძელებს.

 

კომენტარები