27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ფანჯიკიძე: ეუთოს დამკვირვებლები ამბობენ, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს რანკო კრივოკაპიჩს შეხვდა. ფანჯიკიძის განცხადებით, ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები ამბობენ, რომ საარჩევნო გარემო საქართველოში შარშანდელთან შედარებით უკეთესია. მისივე თქმით, ეუთოს დელეგაციის მიზანია საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე დაკვირვება.

"სასიხარულოა, რომ ძალიან დიდი რაოდენობის დამკვირვებლებით ჩამოდის ეუთო საქართველოში. ჩვენი მიზანია, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ და ამას, ყველაზე კარგად სწორედ ისინი შეაფასებენ. გარდა ამისა, მათ ჰყავთ გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც უკვე აკეთებენ პირველ კომენტარს იმის თაობაზე, რომ საარჩევნო გარემო ბევრად უკეთესია, პრინციპულად განსხვავებულია შარშანდელი წინასაარჩევნო გარემოსთან", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, საგარეო უწყება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დამკვირვებლებს ჰქონდეთ მუშაობის საუკეთესო პირობები.

მაია ფანჯიკიძემ კრივოკაპიჩთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში ეუთოს მისიის დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამისთვის რამდენიმე ვარიანტი განიხილება. ფანჯიკიძის განმარტებით, მათ უმეტესობას რუსეთი ჯერჯერობით ბლოკავს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ეუთოს მისიის აღსადგენად რაიმე გამოსავალი მოინახოს.

"არსებობს რამდენიმე იდეა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. შეიძლება, პირველ ეტაპზე ეს იყოს ეუთოს რომელიმე ინსტიტუტის დაფუძნება საქართველოში. მაგრამ როგორი სახით იქნება ეს ყველაფერი, პოლიტიკური განზომილებიდან გამომდინარე, სწორად უნდა გავითვალისწინოთ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის უგულებელყოფა ან დარღვევა არ უნდა მოხდეს არანაირი სახით, მაგალითად, რომელიმე მისიას თუნდაც სახელწოდებაში არ უნდა ჰქონდეს ჩვენთვის მიუღებელი ტერმინი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები