ოკუპირებული ტერიტორიები

მაია ფანჯიკიძე: რეაგირებისთვის, მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პასუხს ველოდებით

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადის სარეგისტრაციო ფორმაში ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად შეტანაზე საქართველოს საგარეო უწყებას შესაბამისი რეაქცია ექნება. მისივე თქმით, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე გაუგზავნა შესაბამისი წერილი მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს. როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო ელის მათგან პასუხს და შესაბამის რეაგირებას ფაქტებზე დაყრდნობით მოახდენს.

"ჩვენ განვაცხადეთ, რომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს არ ვუცხადებთ, რაც არის ძალიან დადებითი ჟესტი ჩვენი მხრიდან. ეს დადებითად აღიქვა რუსეთმაც. როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვახმოვანებდით, ჩვენ ისიც ვთქვით, რომ იმედი გვქონდა - პროვოკაციები არ იქნებოდა. სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ეს ინფორმაცია არის მიუწვდომელი. ჩვენ ვერ ვნახულობთ ვებგვერდზე სარეგისტრაციო ფორმას, რომელიც, როგორც ჩანს, მხოლოდ ჟურნალისტებისთვის არის ხელმისაწვდომი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სოჭის ოლიმპიადის სარეგისტრაციო ფორმაში ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად არის შეყვანილი. ფაქტი მაუწყებლის ჟურნალისტმა აკრედიტაციის ფორმის შევსების დროს აღმოაჩინა. რეგისტრაციის ბაზაში ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სუბიექტებად რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა შეიყვანა. საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფს სპეციალური წერილით უკვე მიმართა. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტის ელგუჯა ბერიშვილის განმარტებით, მსოფლიო ქვეყნების 99% ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებს, შესაბამისად, მათ არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი აღიარებს.

"ამიტომ, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც ქვეყნების, მონაწილეობა ოლიმპიური თამაშების ნებისმიერ პროგრამაში გამორიცხულია", - განაცხადა ბერიშვილმა.

კომენტარები