ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის ზეწოლას გმობს

ევროპარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული ზეწოლის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ევროპარლამენტარები გმობენ რუსეთის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ზეწოლას, მაშინ, როდესაც ვილნიუსის სამიტი ახლოვდება და მოსკოვს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რაც ჰელსინკის პრინციპებს ეწინააღმდეგება. რუსეთმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სუვერენულ უფლებას, გააკეთონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, პატივი უნდა სცეს.

რეზოლუცია მტკიცედ უარყოფს იდეას, რომ ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ”ნულოვანჯამიანი თამაშია”. ქვეყნების თავისუფალ არჩევანს კი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში და სხვა მიმართულებებით უარყოფითი შედეგი არ უნდა მოჰყვებოდეს.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ევროკავშირის ღირებულებებისა და სტანდარტებზე დაფუძნებული შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები თავად რუსეთის ინტერესებში შედის, ამგვარად მოხდება მის საზღვრებთან სტაბილურობის, კეთილდღეობისა და თანამშრომლობის სივრცის გაფართოება. ევროპარლამენტარები რუსეთს ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისაკენ მოუწოდებენ.

ევროპარლამენტარები ევროკომისიასა და ევროპულ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები რუსეთის ზეწოლისგან დაიცვან და პარტნიორი ქვეყნების მხარდამჭერი კონკრეტული და ეფექტური ღონისძიებები გაატარონ.

ევროპარლამენტარებმა მხარდაჭერა ვილნიუსის სამიტის ფარგლებში შეთანხმებების პარაფირებისა და ხელმოწერისთან დაკავშირებით, დაადასტურეს, იმ პარტნიორებთან, რომლებიც ამისათვის მზად არიან . მათ მოუწოდეს, რომ გააგრძელონ ვილნიუსის სამიტისათვის მოსამზადებელი პროცესი და რუსეთის ზეწოლას არ დანებდნენ.

კომენტარები