პატრიარქის განცხადება

ილია მეორე: ბიძინა ივანიშვილს ძალიან კონკრეტული და რეალური გეგმები აქვს

ბიძინა ივანიშვილი დიდ ყურადღებას აქცევს რა იქნება მომავალში, როგორ შეიძლება გაჩნდეს სამუშაო ადგილები - ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქმა რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი ოპტიმისტია და მას ძალიან კონკრეტული და რეალური გეგმები აქვს.

"ღმერთმა ინებოს, ყველაფერი კარგად იყოს. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. არ შეიძლება ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო დაეცეს. არ შეიძლება მტერმა სძლიოს მას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ღვთის ერი უნდა ვიყოთ და მუდამ გამარჯვებული ვიქნებით. ბატონი ბიძინა დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რა იქნება მომავალში, როგორ შეიძლება გაჩნდეს სამუშაო ადგილები, რა უნდა გაკეთდეს, რომ აყვავდეს სოფლის მეურნეობა. აქვს ძალიან კონკრეტული და რეალური გეგმები ამასთან დაკავშირებით" - განაცხადა კათალიკოს-პატრიარქმა.

ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით თავადაც ბევრს ფიქრობს. პატრიარქი მიიჩნევს, რომ თუ სოფლის მეურნეობა გაძლიერებაზე ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოსული ხალხი არ იზრუნებს, ეს თავად ქართველებმა უნდა გააკეთონ. "ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ შრომას. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩინეთიდან ან ინდოეთიდან მოსულები დაამუშავებენ მიწას. მათ შეიძლება დაამუშაონ, მაგრამ თავისთვის დაამუშავებენ და არა ჩვენთვის. ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბუნება, მიწა. არ უნდა მოვაცდინოთ მიწა. ამას ალბათ ჩვენი ხელისუფლება მოსთხოვს რაიონებში ადგილობრივ ხელმძღვანელებს. ყოვლად დაუშვებელია მიწის მოცდენა" - აღნიშნა ილია მეორემ. 

კომენტარები