პატრიარქის განცხადება

პატრიარქი: კონსტანტინოპოლი ცნობს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთში

პატრიარქი

სტამბოლიდან დაბრუნებული კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აცხადებს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთში ცნობს და ყველაფერი მშვიდობით დამთავრდება. თუ რა საკითხზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, კათალიკოსს არ დაუკონკრეტებია. 

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა მსოფლიო პატრიარქთან, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები და ყველაფერში ერთსულოვნება გამოვლინდა. მე მადლობელი ვარ მისი ყოვლად უწმინდესობის ამ მხარდაჭერისთვის. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ კონსტანტინოპოლი ცნობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთში და ღვთის მადლით ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება", - განაცხადა კათოლიკოსმა სამების საკათედრო ტაძარში.

"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი აქ არყოფნის დროს ქუჩებში იყო არასასიამოვნო გამოსვლები და მადლობა უფალს, ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. ჯვარი გეწეროთ, ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა ილია მეორემ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით.

კომენტარები