აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობა ხაბაძის განცხადებას ტექნიკურ და ლინგვისტურ შეცდომას უწოდებს

არჩილ ხაბაძე
facebook.com

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადება, ეკონომიკის მინისტრის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით, არჩილ ხაბაძის თანაშემწემ, ლევან ჯაშმა განმარტა, როგორც ტექნიკური და ლინგვისტური შეცდომა.

"გავრცელებულ ინფორმაციასთან გაკავშირებით უნდა განვაცხადო, რომ არანაირი მინისტრის ვიზიტი არ მომხდარა მოსკოვში, არც იგეგმება, არც ერთი მინისტრთა კაბინეტის წევრის ვიზიტი. უბრალოდ იყო ტექნიკური, ლინგვისტური შეცდომა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან არსებული ყველა უწყება მუშაობს იმისთვის, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია გავიდეს ბაზარზე და სტაბილურად დაიმკვიდროს ადგილი. არა მარტო რუსეთის უწყებებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, არამედ უკრაინასთან, ბელორუსიასთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. ამ ფარგლებში გააქტიურიებულია რუსეთთან მუშაობა, რათა მეურნეებმა ადვილად შეძლონ პროდუქციის გატანა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. მთავრობის თავმჯდომარის კომენტირებისას ნაგულისხმევი იყო მხოლოდ და მხოლოდ ეს", - აღნიშნა ჯაშმა.

გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრი რუსეთში შეხვედრებს მართავდა და შეთანხმებასაც მიაღწია. მან ასევე განაცხადა, რომ ამგვარი ვიზიტი რუსეთში, სოფლის მეურნეობის მინისტრ, შალვა ფიფიასაც ექნება.

"ბატონი გიორგი იმყოფებოდა რუსეთში რამდენიმე კვირის წინ და შესაბამის სამსახურებთან ჰქონდა შეთანხმება. თუ არ ვცდები ათი ათასი მანქანის გატანის პრობლემა არ გვაქვს. გაადვილებული რეჟიმი იქნება სატვირთო მანქანების გატარების. ეს ერთ ნაწილია. ბატონი შალვა ფიფია უკრაინაში იქნება და შემდგომ ალბათ რუსეთშიც ექნება ვიზიტი, რომ დავალაგოთ ეს სისტემა. მხოლოდ ციტრუსზე არ არის საუბარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მთელი მთავრობა იქნება ჩართული ამ პროცესებში. ჩვენ მარტო არ ვართ ამ შემთხვევაში, იმის თქმა მინდა, რომ აჭარა არ მოქმედებს ინდივიუალურად. ციტრუსი არ არის მხოლოდ აჭარის მთავრობის პრობლემა, როგორც ადრე იყო, ეს მთლიანად საქართველოს მთავრობი პრობლემაა და ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, გზებს ვეძებთ, რომ სეზონმა კარგად ჩაიაროს" – განაცხადა ხაბაძემ.

კომენტარები