ოკუპირებული ტერიტორიები

აბაშიძე პუტინის განკარგულებაზე: კარასინთან შეხვედრისას შეშფოთებას გამოვთქვამ

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მომავალ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდება. აბაშიძის თქმით, განსახილველი საკითხების გარდა, ის შეეხება რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვრის გავლების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თემას და შეშფოთებას გამოთქვამს.

”ეს უფრო ჟენევის ფორმატის თემაა. მაგრამ ჩვენ ამას ვერ ავუვლით გვერდს და რაღაც ფორმით აუცილებლად გამოვხატავ ჩემს შეშფოთებას. ზოგადად, ეს ჟენევის მოლაპარაკებების თემაა.ჩვენს ძალიან პრინციპულ  ინტერესებშია, რომ ასეთი საკითხის განხილვა მოხდეს არა ორმხრივ ფორმატში ჩემსა და კარანსინს შორის, არამედ ჟენევაში,სადაც საერთაშორისო მონაწილეობაა.” - თქვა აბაშიძემ.

მოსკოვი ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმთან ოფიციალური საზღვრის დაკანონებას აპირებს. ვლადიმირ პუტინმა ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის გავლების ხელშეკრულების გაფორმების განკარგულება უკვე გასცა. მოსკოვში მიჩნევენ, რომ დოკუმენტის გაფორმებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ამ მონაკვეთზე რუსეთი სასაზღვრო რეჟიმის დაწესებას და კონტროლის გაძლიერებას შეძლებს.

მანამდე, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი მზად არის საზღვართან დაკავშირებულ შეთანხმებას ხელი მოეწეროს. 2010 წელს რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი დაეხმარება ორ ოკუპირებულ რეგიონს კადრების მომზადებასა და ნაციონალური სასაზღვრო სამსახურების მშენებლობაში.

თბილისში პუტინის განკარგულებას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებენ. მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ  ამ განკარგულებას იურიდიული ძალა არ აქვს და პანიკის ატეხვის საფუძველი არ არსებობს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა.

კომენტარები