ოკუპირებული ტერიტორიები

მარიონეტულ რეჟიმთან საქართველოს საზღვრის შესახებ რუსეთი ხელშეკრულებას აფორმებს

ვლადიმირ პუტინი
Time

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიღო ქვეყნის მთავრობის შეთავაზება სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით. გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა სათანადო მოლაპარაკებები აწარმოოს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. "დაევალოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამართოს მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთის მხარესთან და მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის სახელით ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას", - წერია დოკუმენტში.

ადრე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი მზად არის საზღვართან დაკავშირებულ შეთანხმებას ხელი მოეწეროს. 2010 წელს რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ დოკუმენტს, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთი დაეხმარება ორ ოკუპირებულ რეგიონს კადრების მომზადებასა და ნაციონალური სასაზღვრო სამსახურების მშენებლობაში.

ვლადიმირ პუტინის განცხადებას საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ ამასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას უკვე გაუგზავნა საპროტესტო ნოტა.

"არანაირი სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს. ცხინვალსა და რუსეთს შორის არის ადმინისტრაციული საზღვარი, სადაც უკანონოდ ივლება მავთულხლართები რუსეთის მიერ. რუსეთის ყოფს ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ",- აღნიშნა აბაშიძემ. აბაშიძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებაზე საერთაშორისო თანამეგობრობას საქმის კურსში ჩააყენებს.

 

კომენტარები