ინვესტიციები

კალაძე: ინვესტიციების შემოდინების კუთხით ენერგეტიკის სექტორი პირველ ადგილზეა

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ინვესტიციების შემოდინების კუთხით ენერგეტიკის სექტორი პირველ ადგილზეა. მისი ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, ინვესტიციების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. მინისტრის განცხადებით, ინვესტორებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შეტანა ძალიან მნიშვნელოვანია.

"როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დავიწყეთ წლების წინ გაფორმებული მემორანდუმების შესწავლა. უმრავლესობაში ინვესტორებთან არსებობდა პრობლემები, იყო გარკვეული კითხვები მათი მხრიდან, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ შევიმუშავეთ ახალი ცვლილებები, უფრო გამარტივებული, უფრო საინტერესო და შედეგად უფრო მეტი ინვესტიციები წამოვა ამ მიმართულებით", - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ შემოსული ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზეც აისახება. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ძველი რეგულაციებით, ძველი მემორანდუმების გათვალისწინებით პრობლემები ჰქონდათ "ბახვი 3"- ს, "ინტრიში ჰესს", "ნაბეღლავი ჰესს" და "ხუდონჰესს.

"ახლა კი, ამ ინვესტორებს მიეცათ საშუალება, რომ თავიანთი საქმიანობა გააგრძელონ", - დასძინა კალაძემ.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრო ინვესტორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის. სამინისტროს ინფორმაციით, ეს ენერგეტიკაში საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

"შემცირდა სამშენებლო გარანტიის მოცულობა, რომელიც ინვესტორს სამინისტროსთვის მემორანდუმის გაფორმებამდე უნდა წარედგინა და ორსაფეხურიანი სისტემა ამოქმედდა. კერძოდ, განხორციელებული ცვლილებით, ერთ მეგავატზე ინვესტორი ვალდებულია 5 000 აშშ დოლარის წინასამშენებლო გარანტია, ხოლო შემდგომ ერთ მეგავატზე 100 000 აშშ დოლარის ოდენობით სამშენებლო გარანტია წარადგინოს, ხოლო 100 მეგავატზე ზემოთ დადგმული სიმძლავრის ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, ერთ მეგავატზე 50 000 აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ძველი წესებით ინვესტორი ვალდებული იყო სახელმწიფოსთვის 1 მეგავატზე 170 000 აშშ დოლარის გარანტია წარედგინა. ამასთან, ამოქმედდა დაჯარიმების ახალი წესები. მემორანდუმით დადგენილ ვადაში ელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ან ექსპლუატაციაში მიღების ვადის დარღვევის შემთხვევაში, ინვესტორი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 0.5%-ით დაჯარიმდება. გარდა ამისა, შეიცვალა ახალი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის შიდა ბაზარზე გაყიდვის ვალდებულება. ასევე შეიცვალა "ინტერესთა გამოხატვის" დროს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმი და აღნიშნული წესებით გამარჯვებული "ელექტროენერგეტიული სისტემის კომერციულ ოპერატორთან" წინასწარ გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით დადგენილი ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით გამოვლინდება და არა საბანკო გარანტიის ოდენობით", - აცხადებს ენერგეტიკის სამინისტრო. 

კომენტარები